მებაჟე-ოფიცრებმა საფოსტო გზავნილით 120 000 ლარამდე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
მებაჟე-ოფიცრებმა საფოსტო გზავნილით 120 000 ლარამდე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის – გ.მ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 21 315 ევრო და 10 600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, აღნიშნულმა თანხამ – 119 316,46 ლარი შეადგინა.

„საბაჟო კოდექსის 169 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.