მეათე მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკში მყოფი პარტია ფრაქციის შექმნას კონკრეტული პირობით შეძლებს
მეათე მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკში მყოფი პარტია ფრაქციის შექმნას კონკრეტული პირობით შეძლებს

მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკში მყოფ პარტიას კონკრეტული პირობით ექნება.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, თუ ბლოკის შემადგენლობაში ერთზე მეტ პარტიას შვიდი დეპუტატი მაინც ეყოლება, ამ შემთხვევაში, ერთი ბლოკის საფუძველზე შეიძლება, ერთზე მეტი ფრაქცია შეიქმნას.

„რეგლამენტში ცვლილებებით გაჯანსაღდება პარლამენტის სტრუქტურა და პროცედურები. პროცედურებისთვის ერთიანი სტანდარტი ჩამოყალიბდება. გაიზრდება ფრაქციებისთვის გამოყოფილი დრო, მათ შორის ამ პროცედურის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მოწესრიგდება ფრაქციების სტრუქტურა, ვიცე-სპიკერების ნაწილში იქნება ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. გარკვეული განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, სპეკულაციური იყო. გარდამავალ დებულებაში ცვლილება შევიტანეთ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ ბლოკის შემადგენლობაში ერთზე მეტ პარტიას ეყოლება შვიდი დეპუტატი მაინც, ამ შემთხვევაში, ერთი ბლოკის საფუძველზე შეიძლება, შეიქმნას ერთზე მეტი ფრაქცია. ეს არის დამატებითი ცვლილება. სხვა შემთხვევაში დაუშვებელი იქნება ფრაქციების დანაწევრება ან ხელოვნურად გაერთიანება”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.