მე-7 კლასელები დღეიდან ახალ საგანს, „მოქალაქეს“ შეისწავლიან
მე-7 კლასელები დღეიდან ახალ საგანს, „მოქალაქეს“ შეისწავლიან

მე-7 კლასელები დღეიდან ახალ საგანს, „მოქალაქეს“ შეისწავლიან. ახალი საგანი „მოქალაქე“ სამოქალაქო განათლების მიმართულებას მოიცავს და ის დღემდე მხოლოდ მე-3, მე-4, მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლებოდა.

სამოქალქო განათლება შედარებით ახალი საგანია საქართველოს სკოლებში. მაღალ კლასებში ის 2006 წლიდან ისწავლება, თუმცა დაწყებით საფეხურზე მხოლოდ 2018-2019 სასწავლო წელს შევიდა. საგნის სახელწოდებაა „მე და საზოგადოება“. წელს კი სამოქალაქო განათლების მიმართულებას მე-7 კლასელებიც ისწავლიან.

„მოქალაქეს“ ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან სახელმწიფოსა და ოჯახის მიმართ საკუთარ უფლება-მოვალეობებს, გასავლელ თემებს შორის იქნება ადრეული ქორწინების რისკები, სახელმწიფოს მოწყობის წესი, საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან და ა.შ.

ამასთან, დაგეგმილია, რომ საგანი „მოქალაქე“ 2020-2021 სასწავლო წელს ახალ საგნად მე-8 კლასშიც უნდა შევიდეს.

მე-7 კლასელებისთვის სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მთლიანად შეიცვალა და განახლდა ამ კლასის ყველა საგნის სახელმძღვანელო, შესაბამისად მე-7 კლასის ყველა მოსწავლეს გადაეცემა თვისობრივად ახალი, შინაარსობრივად გაუმჯობესებული გრიფირებული სახელმძღვანელო.

„ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვანი სიახლეებით. საბაზო საფეხურზე მე-7 კლასში შემოდის ახალი პროგრამები და ამ ახალი პროგრამების მიხედვით მომზადებული ახალი სახელმძღვანელოები. შესაბამისად, ყველა მე-7 კლასელი მიიღებს ახალ სახელმძღვანელოს ყველა საგანში. სიახლეები იქნება მაგალითად სამოქალაქო განათლების მიმართულებით. როგორც იცით, სამოქალაქო განათლება ამ დრომდე ისწავლებოდა მე-9 და მე-10 კლასებში, ახლა უკვე მე-7 კლასში შემოდის და საკმაოდ მნიშვნელოვან თემებს შევეხებით, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძალადობის თემა, ბულინგი სკოლაში, გარემოს დაცვა, ასევე შემოდის ფინანსური წიგნიერება.

სიახლეებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებითაც. იცით, რომ მანამდე მე-7 კლასში ისწავლებოდა კომბინირებული საგანი „საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები“. ახლა უკვე ბიოლოგია და ფიზიკა შემოვა როგორც დამოუკიდებელი საგნები, ხოლო ქიმია დაემატება მე-8 კლასიდან. შესაბამისად, ვემზადებით უკვე მე-8 კლასის გრიფირების პროცესისთვის, რომელიც მალე გამოცხადდება მხოლოდ მე-8 კლასისთვის. შემდეგი წლიდან მე-8 კლასს განახლებული სახელმძღვანელოები ექნება“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ.