მე-11 ბატალიონმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში წვრთნები დაასრულა
მე-11 ბატალიონმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში წვრთნები დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მეშვიდე როტაციის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

სამხედრო სწავლების პერიოდში მე-11 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა.

წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. სამხედრო სწავლებაში განსაკუთრებული ადგილი ტაქტიკურ მართვას, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირებას, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებასა და აღსრულებას დაეთმო. სწავლებაში ჩართულები იყვნენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები.

მეშვიდე როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი – „ასკალონ“ უწევდა.

GDRP- T მეშვიდე როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.