მდინარე სტორმა თუშეთისკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო
მდინარე სტორმა თუშეთისკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო

ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავიდან თუშეთისკენ მიმავალი გზის 150-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო. ადიდებულმა ხევებმა და მდინარე სტორმა სოფელ ლეჩურში მოსახლეობას შინაური ფრინველები და წვრილფეხა საქონელი მოსტაცა. მდინარე სტორის ხეობამ სოფლებში საუბნო გზები დაანგრია, წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზები, ჩაწყვეტილია სადენები. რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება ვერ ხერხდება.

„არ ვიცით რა ხდება ამ გზის იქით. სავარაუდოდ, ბევრ ადგილზე იქნება მეწყერული ადგილები და გზაზე ჩამოშლილი მიწა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ანდრია ქუჯაიძის განცხადებით, პანკისისა და სტორის ხეობიდან დახმარებისთვის სულ 30 ზარი განხორციელდა და ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება.

„პრევენციის მიზნით, 24 საათის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელდება კონტროლი“, – განაცხადა ქუჯაიძემ.

ამჟამად სოფლებში – ლეჩურში, ლალისყურსა და ფშაველში მობილიზებულია თელავის მუნიციპალიტეტის ტექნიკა, რომელიც ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან და ხეებისგან საუბნო გზებს წმენდს.