მდინარე ნენსკრაზე წყლის დონისა და ატმოსფერული ნალექების საზომი მოწყობილობები დამონტაჟდა
მდინარე ნენსკრაზე წყლის დონისა და ატმოსფერული ნალექების საზომი მოწყობილობები დამონტაჟდა

სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონისა და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამონტაჟებულ ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომ მოწყობილობების სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდინარე ნენსკრაზე წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში, მომზადდება გაფრთხილებები სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ეცნობება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ახლად დამონტაჟებული მოწყობილობები ხელს შეუწყობს ნენსკრას აუზში სტიქიური მოვლენით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება-შერბილებას.

მიმდინარე წლის ივლისში ჭუბერში განვითარებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ, მიმდინარეობდა მოწყობილობების განთავსებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა და კვლევები მდინარე ნენსკრას ხეობაში.