მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომა გაიმართება
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომა გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებული პირის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული.

საქმის ეს ეპიზოდი არის საჯარო და მასზე მედიის წარმომადგენლებს დასწრების უფლება აქვთ, ჯერ ეს საქმე საწყის, ანუ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.

დაკავებული 11 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებენ, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ შორის სამი პირის შემთხვევაში – საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძის და საბა ჩხარტიშვილის ეპიზოდზე მათი უფლებადამცველები საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას ითხოვენ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმე ცალკე უნდა გამოიყოს საბურთალოელი დაკავებულების შემთხვევაში.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, თუკი საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოხდა, ამ პირებმა საპროცესო შეთანხმების საკითხიც დააყენონ. ამისთვის საჭიროა, ჯერ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა, შემდეგ კი ამ პირების მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა.