მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი გაგრძელდება
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი დღეს გაგრძელდება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაახლოებით 50 მოწმე უკვე დაიკითხა, თუმცა უფლებადამცველის თქმით, მათ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

„ამ ეტაპისთვის დაკითხულია დაახლოებით 50 მოწმე. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. დარჩენილია დაახლოებით ამდენივე მოწმე. გვაქვს მოლოდინი და დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინიც ვერაფერს ისეთს ვერ მიაწვდიან სასამართლოს, რაც ბრალდების მხარეს დაეხმარება ბრალის დადასტურებაში. ბრალდების მხარე წარმოადგენს რამდენიმე მოწმეს. უცნობია, თუ რამდენი მოწმე იქნება და ვინ იქნებიან“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.