მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხი რეანიმაციაშია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხი რეანიმაციაშია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის 71 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ოთხი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი მძიმე პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, ომყოფება მართვით სუნთქვაზე. ეს არის ახალგაზრდა ქალბატონი აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი. ერთი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება საყურადღებო და ისევ მძიმე. დანარჩენი პაციენტები გადიან მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის პალატებში. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა ისევ არის საყურადღებო, ფიქსირდება ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თუმცა გვაქვს დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

ამასთან, მუმლაძის თქმით, გუშინ კლინიკიდან ოთხი გამოჯანმრთელებული გაეწერა.

„გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენს ცხელების ცენტრში რამდენიმე პაციენტს დაუდასტურდა არსებული დიაგნოზი. გვაქვს ერთი ოჯახური შემთხვევა. დედ-მამასთან ერთად ორ მცირეწლოვან ბავშვთან მოხდა დიაგნოზის დადასტურება. მათ აქვთ კონტაქტი ბათუმში მყოფ ადამიანებთან და გვყავს კიდევ ორი ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა, სატვირთო ავტომობილების მძღოლები. გუშინ ხუთი ახალი პაციენტი მოთავსდა. გვყავს 40-დან 55 წლამდე ადამიანები, რომელთანსც იყო ფილტვის საკმაოდ მძიმე დაზიანება, რესპირატორული პრობლემები“, – განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

ლიკა მუმლაძე აღნიშნავს, რომ რეანიმაციული განყოფილების გარდა, კლინიკაში ადგილები პრაქტიკულად სრულად დაკავებულია.

„ეს არის ის რესურუსი, რისი გამოყენებაც შეგვეძლო. პრაქტიკულად სრულად არის  გამოყენებული, ამ ეტაპზე საწოლფონდი არის დარჩენილი რეანიმაციულ განყოფილებაში. რეანიმაციაში 18 ადგილი გვაქვს, აქედან ოთხი დაკავებულია“, – აღნიშნა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.