მცხეთის სამედიცინო ცენტრს კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის 32 საწოლზე გათვლილი კიდევ ერთი განყოფილება დაემატა
მცხეთის სამედიცინო ცენტრს კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის 32 საწოლზე გათვლილი კიდევ ერთი განყოფილება დაემატა

მცხეთის სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებული პაციენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებას დაემატა კიდევ ერთი, 32 საწოლზე გათვლილი განყოფილება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ.

ლიკა მუმლაძის თქმით, პალატა აღჭურვილია უახლესი აპარატურით.

„უახლოეს 24 საათში ჩვენს კლინიკას დაემატება ერთი ახალი განყოფილება, რომელიც მიიღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ჩვენი კლინიკის საწოლფონდი შედგება 111 საწოლისგან. დღევანდელი მონაცემებით, გვემატება 32 საწოლი. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, ამით იყო განპირობებული აღნიშნული განყოფილების გახსნა, პერმანენტულად არის ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნილება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დადასტურებული შემთვევების რიცხვი ყოველდღიურად მაღალი რჩება.

გაფართოებული ტესტირების შემთხვევაში დადასტურებული შემთხვევების მატება ისედაც მოსალოდნელია და, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია დადასტურებული შემთხვევა, მძიმე შემთხვევების წილი გაცილებით მეტია, რამაც განაპირობა ამ განყოფილების გახსნა, მოხდა ფლიგელის რეაბილიტაცია. ყველა საწოლი ჟანგბადით უზრუნველყოფილია, ეს არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობთ, რომ ამით კარგ დახმარებას გავუწევთ მოსახლეობას “, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 114 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, აქედან 22 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხუთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტების დაახლოებით 80 პროცენტი არის ჟანგბადდამოკიდებული, ყველა საჭიროებს მუდმივ რეჟიმში ჟანგბადის მიწოდებას, ისინიც კი, ვინც თერაპიულ გაყოფილებაში არიან მოთავსებული“, – აღნიშნარეგი ლიკა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სამედიცინო ცენტრი აპრილის თვიდან ემსახურება როგორც ვირუსით ინფიცირებულ, ასევე ცხელების სიმპტომების მქონე პაციენტებს. დღემდე კლინიკას 1000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ამ დრომდე სამედიცინო ცენტრი 111 საწოლზე იყო გათვლილი.