მცხეთის საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი რჩება
მცხეთის საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი რჩება

მცხეთის ორ საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი რჩება.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული ცხრა პაციენტიდან შვიდი დღეს გაეწერება, ორი კი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება.

„ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობას აგრძელებს ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი. ექიმის განმარტებით, ერთ ქალბატონს რამდენიმე დღეში გაწერენ, მეორე კი რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, მას სახის ძვლების აღდგენითი ოპერაცია ესაჭიროება.

„პაციენტებს შორის, რომლებიც დღეს გაეწერებიან, ოთხი არასრულწლოვანია. ორი პაციენტი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ერთის სტაბილიზაცია მოხერხდა, მოიხსნა აპარატიდან, მაგრამ რჩება დეპარტამენტში და განაგრძობს მკურნალობას. მეორე მართვით სუნთქვაზე რჩება“,-აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი დავით შონია.

ჯეო-ჰოსპიტლისექიმი-ტრავმატოლოგის, ქეთევან პაპაშვილის თქმით, პაციენტს, რომელიც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

„ჩვენთან ორი პაციენტი შემოვიდა, ერთს ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად ჩონჩხოვან დაჭიმვაზე იმყოფება. მეორე საკმაოდ მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორი ოპერაცია ჩაუტარდა ქვედა კიდურებზე და აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში“,-განაცხადა -ქეთევან პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.