მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი გ.მ. დაიკითხა, ლ.შ.-მ კი სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი გ.მ. დაიკითხა, ლ.შ.-მ კი სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული  არასრულწლოვან გ.მ.-ს გამოკითხვა დასრულდა, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

გ.მ.-ს ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 18-19 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ამომწურავი ინფორმაცია მისცა, თუ რას შეესწრო, რა დაინახა და რა მოიმოქმედა იმ ღამეს. მის მიერ მიცემული ჩვენება სრულად არის შესაბამისობაში იმ ღამის მოვლენებთან, რაც პირდაპირ აბათილებს პროკურატურის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გ.მ-მ წინასწარ განახორციელა ამ ჯგუფური ქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ძალადობრივი ქმედებები. გ.მ.-ს ჩვენებით და ასევე, აქამდე გამოკვლეული ჩვენებებით დასტურდება, რომ გ.მ.-ს არანაირი განზრახვა არ ჰქონია, ორგანიზება მოეხდინა. მისი მხრიდან ტელეფონის არც ერთი ზარი არ განხორციელებულა, რათა 18 ივნისის ღამეს მოეხდინა გარკვეული პირების ორგანიზება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან დაკავშირებით. ეს დადასტურებულია თვითონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებითაც. სასამართლომ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ეს იყო ვიდეო ჩანაწერი, რომლის დართვასაც ითხოვდა ზ.ხ.-ს ადვოკატი“, – განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს გამოკითხვა იგეგმებოდა, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მისი უფლებადამცველის განმარტებით, ლ.შ.-მ უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს და საგამოძიებო უწყებებს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, არასრულწლოვან გ.მ.-ს მიერ მიცემული ჩვენება სანდო არ არის.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი ბრალდებული გ.მ, თუმცა ბრალდების მხარისთვის აღნიშნული ჩვენება არ არის გასაზიარებელი და სანდო, ვინაიდან მოწმე ყველა ძირითად შეკითხვაზე აფიქსირებდა, რომ მას არ ახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ის გადაადგილდებოდა ლ.შ.-სთან ერთად და 31 სატელეფონო ზარზეა საუბარი გადაადგილების პროცესში. რატომღაც მოწმე მნიშვნელოვან ზარებს, დეტალებს ვერ იხსენებდა და ვერც იმ პირებს, ვისთანაც მოხდა საუბარი. რაც შეეხება არასრულწლოვან ლ.შ.-ს იგი არაერთი პროცესი აფიქსირებდა, რომ სურს ჩვენების მიცემა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი დააფიქსირა, რომ ვინაიდან მას ჰქონდა უნდობლობა, არ სურდა ჩვენების მიცემა. ამით მორჩა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაც და პროცესი გადავიდა უკვე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე“, – განაცხადა პროკურორმა.

შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება სასამართლოს წინაშე. პროცესი 23 ოქტომბერს 15:00 საათზეა ჩანიშნული.