შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატებმა ბრალდების მხარეს მტკიცებულებების უდავოდ ცნობა შესთავაზეს
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატებმა ბრალდების მხარეს მტკიცებულებების უდავოდ ცნობა შესთავაზეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდების მხარეს მათი ყველა მტკიცებულობის უდავოდ ცნობა შესათავაზეს, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლები ამას არ დაეთანხმენ.

„დაცვის მხარე ყოველთვის ვაპელირებთ იმ გარემოებაზე, რომ ის საქმის მასალები, რომლებიც პროკურატურის მხრიდან სასამართლოშია წარმოდგენილი, არც ერთი მტკიცებულება არ შეიცავს იმ გარემოებას, რომელიც შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნისა და ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებს. აქედან გაომდინარე, დაცვის მხარემ გადაწყვეტილება მივიღეთ, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავო გაგვეხადა და სასამართლოს მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილება მიეღო, ამ შემთხვევაში საქმე ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ უარი განაცხადა და თავისივე მტკიცებულება გახადა სადავო, ანუ რა მტკიცებულებებიც აქვთ სასამართლოში მოტანილი, ის სადავო გახადეს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. საუბრობენ, თითქოს, რაიმე სახის მტკიცებულებით დასტურდება ამ პირების განზრახ მკვლელობაში ბრალეულობა.

13 ტომის მოცულობით საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ამ პირების ბრალეულობას. ჩვენ შევთავაზეთ პროკურატურას, რომ ამ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რაზეც უარი განაცხადეს. დაიკითხა ექსპერტი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოგადაღებას ახორციელებდა. ასევე, გარდაცვლილის დასურათებას ახდენდა. ექსპერტმა ცალსახად განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, როცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მოწმეებმა ხიდზე გადაირბინეს და ქვემოთ ჩავიდნენ, მოძრაობა გადაკეტილი იყო. ეს საგამოძიებო მოქმედება რეალობას აცდენილია, რადგან 19 ივნისის ღამეს ინტენსიური მოძრაობა იყო და ამ დროს ხიდზე გადასვლა, ავტობანის გადაკვეთა უფრო დიდ წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებისას, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა. აღნიშნული ბრალდებამ გააპროტესტა და თქვა, რომ ჩაკეტილი არ ყოფილა, რეალურად, მოწმეს პასუხებს კარნახობს და სამწუხაროდ, ამ კარნახით არიან დაკავებულები“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით კი დაცვის მხარე პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას ამ ფორმით მოითხოვს. მისივე თქმით, ბრალდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების უდავოდ ცნობას არ დათანხმდება.

როგორც ყაზარაშვილმა განმარტა, ბრალდებულებმა, ასევე მათმა ახლობლებმა და საქმესთან კავშირში მყოფმა ყველა პირმა, ბრალდების მხარის კითხვებს პასუხი უნდა გასცენ.

„ეს იყო ერთგვაროვანი ხრიკი, პირდაპირ გეტყვით. მათ იცოდნენ ჩვენი პასუხი, რა თქმა უნდა, უდავოდ არ გავხდიდით იმ ბრალდების მხარის მოწმეებს, რომლებიც არიან ბრალდებულები, მათი ახლობლები და საქმესთან კავშირში მყოფი პირები. არ ვიღებთ ამ მტკიცებულებებს ისე, როგორც არის. ყველა პირს მოუწევს სასამართლოში პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ბრალდებულებზე არ არის მხოლოდ საუბარი, კიდევ ერთხელ ჩვენ დაცვის მხარეს ვთავაზობთ, თუ რეალურად უყურებენ ამას, ჩვენც მზად ვართ, გავხადოთ ის მტკიცებულებები უდავოდ, რომლებზეც ვთანხმდებით. ეს არის ძალიან დიდი ოდენობა სისხლის სამართლის საქმის, დაახლოებით 80- 90 პროცენტია. ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ იცოდნენ ჩვენი პოზიცია, იცოდნენ, არ შევეცდებოდით ამ კუთხით და ვერ დაგვიყოლიებდნენ. შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უდავოდ გავხადოთ ის მტკიცებულებები, რომლებიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ბრალდებულების მხარის მეგობრების და ახლობლების ჩვენებები, კიდევ სხვა ისეთი პირების ჩვენებები, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას და ეს რეალობა უნდა დადგინდეს მათი დაკითხვის შედეგად. რა თქმა უნდა, თუ იქნებიან თანახმა, რეალური ინფორმაცია მოგვაწოდონ. ჩვენც დავაყენეთ საკითხი წინა სასამართლო პროცესზე, დადებულიყო ეს შეთანხმება, თუმცა ამ ეტაპზეც გიმეორებთ, არ ვართ წინააღმდეგი შეთანხმების, თუმცა ეს უნდა იყოს ლოგიკურ ჭრილში და არა ისე, როგორც დღეს დაცვის მხარემ განაცხადა, ან ყველაფერი ან არაფერი. ეს არის ულტიმატუმი, რომელსაც თავადვე გასცეს პასუხი“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.