მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები ითხოვენ, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე რამდენიმე პირის ჩვენება მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს, რადგან მათი შეფასებით, ამ მოწმეებს რამდენჯერმე აქვთ ჩვენება შეცვლილი.
ამასთან, ბრალდების მხარე ითხოვს, საქმეს არ დაერთოს ადვოკატების მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებების ნაწილი, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ჩვენებები საქმეს არ ეხება. აღნიშნულ შუამდგომლობებს დღევანდელ პროცესზე დააყენებენ.
მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, გადაეცეს თუ არა საქმე არსებით განხილვას.
საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, დაცვის მხარე სხდომაზე გარკვეული სახის შუამდგომლობებს წარადგენს, რომელიც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს გადასცეს.
„პროკურატურამაც გადმოგვცა შუამდგომლობა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ეს მტკიცებულებები, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიტანილია და ექსპერტიზა დავუნიშნეთ. „ქებაბ ჰაუსის“ კამერის რა კადრიც და ვიდეოჩანაწერიც გვაქვს, რომ მანქანაში ჩნდება რამდენიმე პირი, სწორედ ამ ვიდეოჩანაწერის გასუფთავება გვინდა, ნათლად გამოჩნდეს, რამდენი ადამიანი ჯდება მანქანაში. ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ დაუშვებლად ეცნოთ ეს მტკიცებულება. ბრალდების მხარე არ არის დაინტერესებული, ის ხუთი პირი იყო თუ არა ხიდის ქვეშ ჩასული. რა ვერსიასაც ავრცელებენ ისინი, მოგეხსენებათ, ხუთი პირი კი არ იყო, მანქანაში ჯდება სამი ადამიანი – მძღოლი, ზ.ხ. და ასევე ჩიქოვანი. ამაზე ბრალდებულებიც საუბრობენ და ჩვენებასაც აძლევენ, როგორც ვასილ მახარაძე, ასევე დანარჩენი ორი ბრალდებული. არ არის ბრალდების მხარე დაინტერესებული, დაადგინოს რეალობა. ის, რომ მათ საქმეში წარმოდგენილი არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, მოგეხსენებათ, ზუსტად ამიტომ განხორციელდა საკნებში ვიდეოჩანაწერის განხორციელება, რათა მოეპოვებინათ გარკვეული სახის მტკიცებულება სასამართლოზე წარსადგენად. თუმცა, აქაც აღმოჩნდა, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. მიგვაჩნია, რომ ეს საქმე არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოხდა ბრალის დამძიმება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ექნებათ არაერთი შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
„საგამოძიებო ექსპერიმენტებს რაც შეეხება, ზოგადად, შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია ამირხანაშვილთან მიმართებაშიც. მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული. გარდა ამისა, ამირხანაშვილის, ბრეგვაძის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტზე საუბარი დაუშვებელი მტკიცებულებებია. შემიძლია ვთქვა, რომ ამირხანაშვილი, ბრეგვაძე, ღიბრაძე, ქათამაძე არ აძლევენ გამოძიებას სწორ ინფორმაციას და ისინი არიან ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, რაც შეეხება მოტივაციასა და არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, საფუძვლიანი და დასაბუთებული არ არის.
„დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ მათი. რა თქმა უნდა, ჩვენი შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას, რომელიც მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამორიცხვას შეეხება. რაც შეეხება მოტივაციას და არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებულია. ისინი ითხოვენ მოწმეების ამორიცხვას, რომელიც უბრალოდ ხელს არ აძლევთ. პირდაპირ გეტყვით, მათ სხვა მიზეზი არ გააჩნიათ. ბრალდების მხარე დაცვის მხარის ნუსხიდან იმ მტკიცებულებების ამორიცხვას ითხოვს, რომელიც საქმეს არ ეხება. საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და ვერაფერს ხედავდნენ, პირველ ეპიზოდსაც კი ვერ ადასტურებენ. ანა გაბეჩავა ამ პიროვნებებს შორის არ არის“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.