მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხა.

პროცესზე გამოიკითხა, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე გიორგი ქათამაძე, საქმის ერთ-ერთი მოწმე მარიამ ხატისკაცი და ორი გამომძიებელი.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარემ განაცხადა მოწმეებმა საკუთარი ჩვენებებით დაადასტურეს დაკავებულების ბრალეულობა.

„მოწმე მარიამ ხატისკაცმა განაცხადა, რომ როდესაც მან კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მიიღო, რამდენიმე მის მეგობართან ცდილობდა გაერკვია თავდასხმის და ძალადობის დეტალები. ასევე განმარტა, როდესაც გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ნამდვილად სურდათ პოლიციაში დარეკვა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დადგებოდა და შესაძლებელი იყო, აღნიშნული პიროვნება გამოჩენილიყო. ამ მიზნით ერთმანეთთან ჰქონდათ კომუნიკაცია და არკვევდნენ დეტალებს. მოწმემ ხაზგასმით განმარტა, რომ ასეთი მძიმე შედეგის წარმოდგენა მათ არ შეეძლოთ.

დღევანდელ პროცესზევე დაიკითხა დაზარალებული გიორგი ქათამაძე, რომელმაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სასამართლოს მომხდარი თავდასხმის შესახებ. მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც მან თავდასხმის დროს განიცადა და მიიღო დაზიანებები. ისაუბრა იმ დეტალებზე, როგორ განვითარდა. აღნიშნული ძალადობა აღნიშნული მტკიცებულებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის რომ წარდგენილ ბრალდებაში პირები რომლებსაც ბრალდება ედავება, არიან დამნაშავები და ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დაზარალებული გიორგი ქათამაძე როდესაც დაიკითხა, მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მასთან მიმართებაში განხორციელებულ ძალადობაზე. მოწმემ ასევე ისაუბრა, რომ ხიდის ეპიზოდზე ძალადობისა და თავდასხმის განხორციელებამდე მას კომუნიკაცია ჰქონდა ორ ნახალოვკელ პიროვნებასთან,“ განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

თავის მხრივ, როგორ საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, დღეს მარიამ ხატისკაცმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა, რადგან დაკარგული გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდა.

„მარიამ ხატისკაცმა თქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლ.შ.-ს იცნობს. ადრეც შეხვედრია და შეხვდა ანა გაბეჩავას წინა იუბილეზე ერთი წლის წინ. დადებითად ახასიათებს, რაც შეეხება კონფლიქტს, ის არც ერთ ეპიზოდში არ შესწრებია და მხოლოდ გაშველების მომენტი დაინახა აგარაკზე, კიბეების ეპიზოდში.
შემდგომში ისინი წავიდნენ ლისზე და გაიგო რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. მან ჩემს კითხვაზე, ჰქონდა თუა არა სურვილი, რომ პოლიციაში დაერეკა, მიპასუხა, რომ ძალადობით და იძულებით არა, მაგრამ მიმოწერა ჰქონდა ვახო ახვლედიანთან და გურამ ამირხანაშვილთან, ისინი ეუბნებოდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა, გამოჩნდებოდა, რასაც უფრო თხოვნის სახე ჰქონდა – გამოჩნდებოდა და არ იყო საჭირო პოლიციაში დაერეკა. მათ სთხოვეს, გადაარწმუნეს რომ პოლიციაში არ დაერეკა. იმავე საღამოს, როცა ის წავიდა ლისზე და შემდეგ თემქაზე, ამირხანაშვილთან და ახვლედიანთან საუბრისას სთხოვეს, რომ იპოვიდნენ და სანერვიულო არაფერი იყო. ამიტომ არ დარეკა პოლიციაში ხატისკაცმა. რაც შეეხება დღეს პროცესზე დაკითხულ მეორე მოწმეს, გიორგი ქათამაძეს, ის კონკრეტულად ვერც ერთ პირს ვერ ასახელებს, თუ ვინ იძალადა მასზე“,  – განაცხადა ლ.შს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 11 სექტემბერს. 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.