მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი პროცესი გაიმართება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. დღეს ორი პროცესი გაიმართება.

10:00 საათზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული პირების პროცესია ჩანიშნული. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იქნება მსჯელობა. ადვოკატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოსამართლე მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, რადგან მისი შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი კანონდარღვევით არის მოპოვებული.

„განიხილება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. ჩვენ გვაქვს შუამდგომლობებები ბრალდების მხარის მთელი რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ, რომლებსაც დღეს სასამართლოს მოვახსენებთ. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ყურადღებით განიხილავს ამ შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილი, ზოგი მათგანი მოპოვებულია კანონის დარღვევით, ზოგ მათგანთან მიმართებაში დარღვეულია კანონის მოთხოვნები გადმოცემის პროცესში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი. გვაქვს შუამდგომლობა, რომ დაუშვებლად იქნას ის ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდა მედიაში. საუბარია საკნებში ჩაწერილ ვიდეომასალაზე. მიგვაჩნია, რომ ამ ვიდეოჩანაწერში არ არის საუბარი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და ეს მტკიცებულება არარელევანტურია საქმესთან და არ უნდა იყოს დართული“, – ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დღესვე, 15:00 საათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესიც გაიმართება. სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები საპირისპირო იქნება წინასწარ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან, ის დააყენებს შუამდგომლობას დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.

„ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება სასამართლო პროცესი. ისევ უცნობია, რომელ მოწმეებს წარმოადგენს სასამართლო ამ სხდომაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესენი ფაქტის თვითმხილველები იყვნენ, ვინაიდან ჩვენი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 15:00 საათზე, თუმცა ანალოგიურად დილის 10:00-ზე ჩანიშნულია 109-ე მუხლით ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებულია ჩვენს, არასრულწლოვნების სასამართლოში მონაწილე ორი პირი ზ.ხ და ა.ქ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, დროულად დაიწყოს პროცესი. ასევე, დილის 10:00 საათიდან არასრულწლოვნები იძულებულები გახდებიან, 21:00 საათამდე იყვნენ აქ, რაც გაუსაძლისი პირობები იქნება მათთვის. ეს იყო ცნობილი მოსამართლისთვის, თუმცა არ გაიზიარა ეს გარემოება. თუ იქნება საფუძველი, რომ ამ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები მოვითხოვოთ დაუშვებლად საცნობად, ამის სამართლებრივი უფლება გაგვაჩნია იმ შემთხვევაში, თუ მოწმის მიერ მიცემული სასამართლო ჩვენება შეუსაბამოა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან, ანუ თუ არის ურთიერთსაპირისპირო, ჩვენ გვაქვს უფლება, დავაყენოთ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.

დატოვე კომენტარი