მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდა.

სხდომაზე საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ ახვლედიანი დაკითხეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ახვლედიანი რეალურად ინფორმაციას არ ფლობს, რადგან „არ არის შესაძლო ძალადობის მომსწრე“.

„მთავარი არის ის, რომ ახვლედიანს არ დაუნახავს, არ არის შესაძლო ძალადობის შემსწრე. მას არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი და ა.შ. არ დაუნახავს წყალში დახრჩობა. შესაბამისად, იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც სხვა მოწმეები. მოწმე ვერ ჩამოყალიბდა პოზიციებზე, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. დაგვეთანხმა, რომ მას უკან არ გაუხედავს და ისე ჩავიდა, ვერ ხედავდა, ვინ მისდევდა, თუმცა მეორე ნაწილში აღნიშნა, რომ სამი პირი მისდევდა. თუმცა იდენტიფიცირება არ მოუხდენია. მთლიანობაში ეს მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. დაუშვებელი რომც არ იყოს, მისი გაზიარებით ვერაფერი დგინდება. აღნიშნა, ეს სამი პიროვნება, შესაძლოა, ყოფილიყო პატარა ასაკის, თუმცა, როდესაც დავუსვი შეკითხვები, როგორ მოხდა ასაკის იდენტიფიცირება, ამაზე პასუხი არ ჰქონია“,- განაცხადა ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.

ბრალდების მხარის განმარტებით კი, სხდომაზე ვახტანგ ახვლედიანმა არაგვის ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.

„ვახტან ახვლედიანმა ასევე დაადასტურა, როგორც „მერსედესის“ ავტომანქანის ეპიზოდი, ასევე „ქამრის“ ეპიზოდი, ამ ორი ავტომობილით მისული პირების თავდასხმების ეპიზოდები და დამატებით განაცხადა, როდესაც „ქამრის“ ტიპის მანქანა მივიდა იქიდან გადმოსული ექვსივე პიროვნება სალანძღავი სიტყვებით, გინებით აგრესიით მისდევენ მათ და გიორგი შაქარაშვილი, გიორგი ქათამაძე, გურამ ამირხანაშვილი, ვახტან ახვლედიანი გარბოდნენ დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი აგრძელებენ სირბილს მეორეხარისხოვან მოსატრიალებელ ზოლში, სადაც ვახტანგ ახვლედიანი დაიმალა, თუმცა დამალვის დროს, გზიდან მარცხენა მხარეს აიხედა ზემოთ, ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ და დაინახა მისკენ და გიორგი შაქარაშვილის მიმართულებით გადევნებული სამი პიროვნება. როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ესენი არ იყვნენ არც სრულწლოვანი პირები – „ქამრიში“ მყოფი ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე, არამედ მათგან განსხვავდებოდნენ როგორც ასაკით, უფრო ახალგაზრდები იყვნენ და ასევე განსხვავდებოდნენ აღნაგობით. საქმის მასალებით დგინდება, ვინ არიან ეს პირები – არასრულწლოვანი ზ.ხ, ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი. ისინი მისდევენ გიორგი შაქარაშვილს და გურამ ამირხანაშვილს და როდესაც გურამ ამირხანაშვილი შეიმალა ბუჩქებში, ისმის ამ ადამიანების ჩარბენის ხმა იმ მიმართულებით, საითაც გაიქცა გიორგი შაქარაშვილი“, – განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

ასევე დღევანდელ სხდომაზე ორი სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომლებმაც მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს.