მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევის პერიოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება ვერ დასტურდება. როგორც ადვოკატი ამბობს, მათ მიერ წარმოდგენილ დასკვნით სიტყვაში ძირითადად ყურადღება გამახვილდება გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე. ადვოკატის თქმით, იმ შემთვევაში თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„დასასრულს მიუახლოვდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლომ გამოიკვლია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება. სასამართლო გადავიდა დასკვნითი სიტყვების მოსმენაზე. მიგვაჩნია, რომ ამ გამოკვლევის პერიოდში, როდესაც გამოკვლეულ იქნა ყველა მტკიცებულება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ასევე თითქმის ყველა ბრალდებულის მიმართ, ვერ შეიკრიბა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით. დაცვის მხარის, ანუ ჩვენი ვარაუდია, რომ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. ბრალდების მხარე შეეცდება, რომ დაამტკიცოს და ისაუბროს იმის შესახებ, რომ ბრალდებულებს დანაშაული აქვთ ჩადენილი. დასამალი არ არის ის ფაქტი, რომ გამოძიებას ძალიან დიდი ხარვეზები ახლავს და ამ ხარვეზებზე იქნება ჩვენს მიერ ძირითადად დასკვნით სიტყვაში ყურადღება გამახვილებული. დასკვნითი სიტყვის შემდეგ შესაძლოა, მხარეებმა ისარგებლონ რეპლიკით, შემდგომ ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას, შემდეგ დაცვით სიტყვას და ამით უკვე პირველ ინსტანციაში ამოიწურება საქმის განხილვა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა.