მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რვა მოწმე დაიკითხება. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, მოწმეებს შორის იქნებიან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ასევე ფაქტის უშუალო შემსწრე პირებიც, მათ შორის სალომე ჭკადუა.

„როგორც გამომძიებლები, ექსპერტები, ასევე წარმოდგენილი არიან ფაქტის შემსწრე მოწმეები. მათ შორის დაიკითხება პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა აგარაკის ტერიტორიაზე, შეესწრო პირველ კონფლიქტსა და რაც გახდა შემდეგ შურისძიების მიზეზი. ასევე, მასთან დათავლიერებულია ვიდეოკადრები, რომელიც საქმეზე მოპოვებულია და აღნიშნული პიროვნება ახდენს მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას“, -განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

არასრულწლოვნების ადვოკატების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ დაიკითხება. ისინი სასამართლო პროცესების სიხშირეზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსგავსი სიხშირით ჩატარებული პროცესები მართლმსაჯულების ხარისხზეც აისახება.

„დღეს კვლავ გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. გუშინ პროცესი გვიან დამთავრდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ არ იცის პროკურორები რომელ მოწმეებს წარმოადგენენ. ჩვენი გადაწყვეტილებები და კითხვები იმის მიხედვით იქნება, მოწმეები რა ჩვენებას მისცემენ. რაც შეეხება პროცესის დაჩქარებას, საერთოდ სასამართლო და პროკურატურაც ჩქარობს, რომ შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს პროცესი. არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლომ მალე უნდა დაამთავროს ეს პროცესი, მაგრამ ადვოკატებს გვექმნება პრობლემები, რადგან კომუნიკაციას დაპატიმრებულ ხალხთან ვერ ვამყარებთ. როგორც მოსამართლემ ბრძანა, ორშაბათს გაიწერება განრიგი. რა თქმა უნდა ეს მოქმედებს მართლმსაჯულების ხარისხზე“, – განაცხადა ნ.ქ -ს უფლემადამცველმა, დალი იმერლიშვილმა.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი, რომ არასრულწლოვანთა პროცესი დაჩქარებულად უნდა განიხილებოდეს .

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი, რომ არასრულწლოვანთა პროცესი უნდა განიხილებოდეს დაჩქარებულად, მათი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც კანონი გვავალდებულებს ყველას, როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული პროცესების ინტენსიურად ჩანიშვნა“, – აღნიშნა გუგუტიშვილმა.