მცხეთის პოლიციაში ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა განახლდა
მცხეთის პოლიციაში ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა განახლდა

მცხეთის პოლიციაში ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა განახლდა.

​ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა, ​​ორსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ, მცხეთის პოლიცია დაახლოებით 40 წუთით დატოვეს, ცოტა ხნის წინ კი კვლავ შენობაში დაბრუნდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე გუშინ ღამითაც იმყოფებოდნენ.

გუშინ ისინი დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდნენ.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევდა.