მცხეთის პოლიციაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ხუთი მოლაშქრის ახლობლების გამოკითხვა მიმდინარეობს
მცხეთის პოლიციაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ხუთი მოლაშქრის ახლობლების გამოკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული, თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი მოლაშქრის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამოკითხვა მიმდინარეობს. ახლობლების თქმით, 5 მეგობარი თრუსოს ხეობაში ლაშქრობაზე 25 აგვისტოს წავიდა და კვირას უნდა დაბრუნებულიყო.

ბოლოს, კვირას საღამოს, ოჯახს ვახტანგ გუბელაძე ესაუბრა და აცნობა, რომ თავს კარგად გრძნობდნენ. მას შემდეგ, ახალგაზრდებთან კონტაქტი არ ყოფილა. მათი დაკავების შესახებ ოჯახებს პოლიციამ აცნობა. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების შესახებ ოჯახის წევრებს მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რომ ისინი სავარაუდოდ, ცხინვალის ციხეში იმყოფებიან და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

მოლაშქრეების დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი დაკავებული არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.