მცხეთის გენგეგმის შემუშავების კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შესწავლა დაიწყო
მცხეთის გენგეგმის შემუშავების კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შესწავლა დაიწყო

მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება დასრულდა.

კონკურსი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო გამოცხადებული. როგორც ფონდში განმარტავენ, წინადადებების შესწავლა-შეფასების პროცესი 2019 წლის პირველივე კვირიდან დაიწყება.

UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დასაცავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე მიშაობს, რომელიც ქალაქს ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობას შეუნარჩუნებს, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას.

სწორედ ამ მიზნით გამოაცხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წლის ოქტომბერში ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის) შემუშავების კონკურსი.