მცხეთაში, პოლიციის სამმართველოში კომპანია „ავიატორი +“-ის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს
მცხეთაში, პოლიციის სამმართველოში კომპანია „ავიატორი +“-ის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფის გამო, კომპანია „ავიატორი +“-ის თანამშრომლები მცხეთაში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სწორედ  კომპანიას „ავიატორი +“ (აჭარა ჯგუფი) ეკუთვნის ვერტმფრენი რომელიც სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგს“ ემსახურებოდა და გუშინ ყაზბეგში ჩამოვარდა.

ადვოკატის, კახა წერეთელის თქმით, კომპანიის თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

„საკითხი ეხება იმ სამწუხარო ფაქტს, ტრაგედიას, რომელიც მოხდა. კერძოდ, უსაფრთხოების ნორმატივებს და საფრენ აპარატთან დაკავშირებულ საკითხებს. დღეს გრძელდება კომპანია „ავიატორი +“-ის თანამშრომელთა გამოკითხვები. კომპანია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, თავადაც აწარმოებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას. პარალელურად, ჩვენს ხელთარსებულ ვიდეო თუ დოკუმენტურ მასალას გამოძიებას გადავცემთ “,- განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

ვერტმფრენი 6 ივნისს, ყაზბეგში, ე.წ. ყანების ტერიტორიაზე,  დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.