მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული - მივიღეთ პირდაპირი მითითებები პრემიერისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული - მივიღეთ პირდაპირი მითითებები პრემიერისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში

კონკრეტული მითითებები იყო, რომ მეტი მუშაობა, მეტი ჩართულობა უნდა იყოს უშუალოდ მოსახლეობასთან, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და კონკრეტული საჭიროებები განიხილეს.

„ახალარჩეულ მერებთან ერთად პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, სადაც წარვუდგინეთ და განვიხილეთ კონკრეტული საჭიროებები. რამდენიმე დღეა, რაც მერები შეუდგნენ უფლებამოსილების შესრულებას, შესაბამისად, უკვე გვქონდა შესწავლილი გარკვეული საკითხები, ერთობლივად გავლილი ჩემთან ერთად. ბატონ პრემიერს მოვახსენეთ მომავალი გეგმებისა და ჩართულობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ სამუშაო გეგმებს, რა თქმა უნდა, პირველ პრიორიტეტს, როგორც ქვეყანაში, ასევე ჩვენს რეგიონში წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლა და ამისთვის უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა. მივიღეთ პირდაპირი მითითებები ბატონი პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში მაქსიმალურად გავიშალოთ ყველა წარმომადგენელი, თანამშრომლები, მერები, მათი რწმუნებულები, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოხდეს მეტი ადამიანის ვაქცინაცია და ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და უშუალოდ იმ პროექტების განხორციელებისთვის, რაც გვაქვს უკვე მიმდინარე და ასევე, დაგეგმილი. კონკრეტული მითითებები იყო, რომ მეტი მუშაობა, მეტი ჩართულობა უნდა იყოს უშუალოდ მოსახლეობასთან. უნდა გვქონდეს მეტი ჩართულობა, მეტი ინფორმირებულობა, რათა მომავალშიც სწორად მოხდეს აღნიშნული საკითხების, პრიორიტეტების განსაზღვრა და დაგეგმვა“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.