მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული - კობი-გუდაურის გზის გაწმენდა დაწყებულია და ვფიქრობ, შუადღიდან ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა ორმხრივად გაიხსნება
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული - კობი-გუდაურის გზის გაწმენდა დაწყებულია და ვფიქრობ, შუადღიდან ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა ორმხრივად გაიხსნება

კობი გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა შუადღიდან ორმხრივად გაიხსნება, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კობი-გუდაურის საავტომობილო გზა ინტენსიური თოვის შედეგად გამოწვეული ზვავსაშიში ვითარების გამო მესამე დღეა, ჩაკეტილია. შეფერხების გამო, დაბა ჟინვალში ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონა დგას.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, ამჟამად გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია.

„კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი უკვე სამი დღეა დაკეტილია. დღეს მესამე დღეა, ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია. გუშინ არსებობდა დიდი რისკი ზვავსაშიშროების და პრაქტიკულად ვერ შევძელით გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. დღეს დილით, მივიღეთ უკვე თანხმობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, რომ მოხსნილია ზვავსაშიშროების რისკი. დილით ადრე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობ, რომ შუადღიდან გაიხსნება უკვე ორმხრივად გზა და ყველა სახის ავტომობილების გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ორი ლოკაცია გვაქვს, ერთი აქ დაბა ჟინვალთან და ერთი დაბა გუდაურთან. გუშინ მგზავრებს მოვუტანეთ ცხელი სადილი, ახლა კიდე მოვუტანეთ, შემდგომ უკვე დასრულდება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება მოძრაობა და გავუშვებთ ყველა სახის ავტომანქანას“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დატოვე კომენტარი