მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ ​ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ ​ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე აცხადებს, რომ ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზაზე მეწყრულ პროცესებს სპეციალისტები სწავლობენ და ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ მათი დასკვნის შემდეგ დაიწყება.

„გუშინ დილიდან სპეციალისტებმა დაიწყეს შესწავლა. იმყოფებოდნენ როგორც გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს და დაათვალიერეს აღნიშნული ტერიტორია. დღესაც მოხდა განმეორებითი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ გაგრძელდეს ტერიტორიის შესწავლა, რის შემდგომაც, საღამოს ან ხვალ იქნება შესაბამისი დასკვნა დადებული. ამის შემდგომ დაიწყება საინჟინრო სამუშაოები, პროექტის მომზადება და გზის მშენებელი კომპანია, რომელმაც აღნიშნული გზის მშენებლობა აწარმოა, დაიწყებს პროექტის მომზადებას და რეაბილიტაციას. გუშინ იმყოფებოდა მშენებელი კომპანიების კონტრაქტორი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზედამხედველობასა და მონიტორინგს უწევს მათ შესრულებულ სამუშაოებს. სანამ ექსპერტები არ დადებენ დასკვნას, თუ რა არის გასაკეთებელი და რა საფრთხე შეიძლება, მოჰყვეს სამუშაოები ვერ დაიწყება. გზა იქნება გარკვეული დროის განმავლობაში ჩაკეტილი. მოსახლეობას ვთხოვ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და ისარგებლონ ალტერნატიული გზით“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

მისივე თქმით, გუშინ, მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო მომხდარის შესწავლა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ხდებოდა ამ გზის შესწავლა, ეს მონაკვეთებიც იყო შესწავლილი და იქნება იქ გეოლოგიური დასკვნა. მეწყრული პროცესების შესწავლა იმიტომ მიმდინარეობს, რომ უნდა დადგინდეს და გაირკვეს, რა არის გამომწვევი მიზეზი. შეიძლება, გამომწვევი მიზეზი იყოს უხვი ნალექი წვიმის სახით. ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. აქ გზა „ჯეო გრუპმა“ გაიყვანა და წელს დასრულდა სამუშაოები“, – აღნიშნა დავით ნოზაძემ.