მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში აჭარის მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს
მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში აჭარის მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში აჭარის მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციები აჭარის სამინისტროებს შეუერთდება.

აჭარაში ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება მოქმედებს. საარქივო დეპარტამენტი დაექვემდებარება განათლების სამინისტროს, საგზაო და ტურიზმის დეპარტამენტები – ეკონომიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ცვლილებებს ითვალისწინებს აჭარის ახალი კონსტიტუციაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე მოხდება მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციების გადაყვანა სამინისტროების დაქვემდებარებაში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ისინი სრული შემადგენლობით გააგრძელებენ საქმიანობას, მომავალი წლიდან კი, შესაძლებელია, გარკვეული სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებებიც განხორციელდეს.

შემცირდება თუ არა ტურიზმის დეპარტამენტის უფლებები, მაშინ როცა ეს სფერო რეგიონისთვის სტრატეგიულია, ამ კითხვაზე თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ ტურიზმი არ დაკარგავს მნიშვნელობას.

მისივე თქმით, ტურიზმის დეპარტამენტი ძალიან ახლოს არის ეკონომიკასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან.

რიჟვაძის განცხადებით, დეპარტამენტის დაქვემდებარების ცვლილება, მის ფუნქციურ შესუსტებას არ გამოიწვევს.

ცვლილებათა პროექტს მთავრობა დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნის.