მცირე ჰესებისთვის სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიების ოდენობა მცირდება
მცირე ჰესებისთვის სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიების ოდენობა მცირდება

მცირე ჰიდროელექტროსადგურებისთვის, რომლებიც არ მოითხოვენ სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიების ოდენობა ათჯერ მცირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები აქამდე ერთ მეგავატზე 100 000 დოლარს შეადგენდა, ამიერიდან კი, ერთ მეგავატზე 10 000 დოლარი იქნება.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გადაწყვეტილება მცირე ჰესების მშენებლობის მიმართულებით. ის მცირე ჰიდროელექტროსადგურები და მათი განმავითარებელი ინვესტორები, რომლებიც არ მოითხოვენ სახელმწიფოდან გარანტირებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს, ამ კატეგორიებისთვის მცირდება ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რომელიც აქამდე ერთ მეგავატზე 100 000 დოლარს შეადგენდა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, რომლებიც არ მოითხოვენ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და არანაირ დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 დოლარი ერთ მეგავატზე“, – განმარტა მინისტრმა.

მისი შეფასებით, ამით გამოთავისუფლდება კომპანიის რესურსის, საკუთარი კაპიტალის დაახლოებით 10 პროცენტი, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე სადგურების განვითარებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯია.

„ერთი მხრივ, ბაზრის გახსნამ და კონკურენციის შექმნამ სტიმული მისცა ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც არ მოითხოვენ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას და ვუტოვებთ განკარგვაში მეტ რესურსს, რომელიც მოხმარდება ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.