მცირე ცვლილებები ფრჩხილებზე, რომლებიც შეიძლება ფარული დაავადების ნიშანი იყოს — #1tvმეცნიერება

16:30, 16.09.2026

ჯანმრთელობის ფარული, ნაკლებად შესამჩნევი პრობლემები ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე ურთიერთდაკავშირებული ცვლილებების სახით ვლინდება, რომლებიც რაიმე კონკრეტული სიმპტომის გამოვლენამდეც კი ჩნდება.

ისინი შეიძლება სასარგებლო „გამაფრთხილებელი ნიშნები“ იყოს კვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის დასაწყებად.

American Journal of the Medical Sciences-ში გამოქვეყნებულ შემთხვევათა შესწავლის მიმოხილვაში, ნიუ-ჯერსის რატგერსის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა დაადგინეს კავშირი მოწითალო ფერის ნამგალა ლაქებს (ფრჩხილების ძირში არსებულ ნახევარმთვარის ფორმის უბნები) და სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის გულის უკმარისობას, ღვიძლის ციროზსა და რევმატოიდულ ართრიტს შორის.

ნორმალური ნამგალა ლაქა თეთრია და იშვიათად წითლდება, მაგრამ როცა ასე ხდება, ხშირად ამის მიზეზია სადმე სხეულში ჯანმრთელობის მალული პრობლემა — თუმცა მკვლევრები აღიარებენ, რომ ზუსტად არ იციან, რატომ არსებობს ეს კავშირი.

მიმოხილვა ასკვნის, რომ საჭიროა ჯანმრთელობის სრული შემოწმება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფრჩხილის ძირზე წითელი ნახევარმთვარისებრი ზონები (ლუნულები) აღენიშნებათ, რათა დადგინდეს, ხომ არ არის ეს რაიმე სხვა პრობლემის მანიშნებელი.

„პირველად 1954 წელს აღწერეს და მას შემდეგ, აღწერილია მრავალი სხვა შემთხვევა და გამოვლინდა კავშირი გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის, ჰემატოლოგიურ, დერმატოლოგიურ და რევმატოლოგიურ დაავადებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ეტიოლოგია უცნობი რჩება, წითელი ნამგალა ლაქები შეიძლება მიუთითებდეს როგორც სისტემური დაავადების აქტივობაზე, ისე ადგილობრივ პათოლოგიაზე, მაგალითად ფრჩხილქვეშა სიმსივნეზე“, — წერენ მკვლევრები.

ფრჩხილის ნამგალა ლაქის დანიშნულებაა კერატინის ცილისგან შემდგარი ახალი უჯრედების წარმოქმნა, რომლებიც შემდეგ წინ მიიწევენ, მყარდებიან და დანარჩენ ფრჩხილს წარმოქმნიან. ძირითადად, ისინი უფრო მკვეთრად არის გამოხატული ხელისა და ფეხის ცერა თითებზე.

მართალია, ფრჩხილის ძირზე არსებულ ნახევარმთვარისებრ ზონებს უკვე ათწლეულებია უკავშირებენ გულის დაავადებებსა და სხვა პრობლემებს, მაგრამ ეს არის ამ შემთხვევების ყველაზე ვრცელი და ყოვლისმომცველი მიმოხილვა.

მკვლევრების მიერ გაანალიზებულმა ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ფრჩხილების ეს გაუფერულებული მონაკვეთები დაკავშირებული იყო მაგალითად შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან, მაგრამ ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანს არ ჰქონდა წითელი ნამგალა ლაქები და არც ყველა წითელი ლაქების მქონეს ჰქონდა თანმხლები დაავადება.

ასევე არსებობს შემთხვევათა კვლევები, რომლებიც აღწერს წითელ ნამგალა ლაქებს ბუდობრივი თმის ცვენის მქონე და ნახშირბადის მონოოქსიდით (CO) მოწამლულ ადამიანებში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლიტერატურაში ყველაზე ხშირად გულ-სისხლძარღვთა, ავტოიმუნური და რევმატოლოგიური დაავადებები ფიქსირდებოდა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სისტემური დაავადების ალბათობა ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც წითელი შეფერილობა რამდენიმე ფრჩხილზე შეინიშნება და არა მხოლოდ ერთზე.

როცა ეს ლაქა ფერს იცვლის მხოლოდ ერთ ფრჩხილში, ძირითადად უფრო საქმე გვაქვს ფრჩხილქვეშა პრობლემასთან.

„თუ შემდგომი კვლევა გამოავლენს წითელ ლაქას ერთ ფრჩხილზე და ამავდროულად, ფრჩხილის ინფექციას, ფრჩხილქვეშა სიმსივნეს, ფრჩხილქვეშა სისხლჩაქცევას ან მთლიანი ფრჩხილის ფირფიტის, ან ლაქის საზღვრებს მიღმა გავრცელებულ გაწითლებას, მაშინ, სავარაუდოდ, არ უნდა დაისვას „წითელი ნამგალა ლაქის“ კლინიკური დიაგნოზი“, — წერენ მკვლევრები.

შემდეგი ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს იმ ბიოლოგიური მექანიზმების შესწავლას, რომლებიც ფრჩხილის ამ წითელ ნაწილებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირებს. როგორც ჩანს, საქმე ეხება კაპილარების ვაზოდილატაციას — ანუ ფრჩხილის ქვეშ არსებული წვრილი სისხლძარღვები ფართოვდება, რაც სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.

მიმოხილვაში ასევე მოცემულია ტესტი ექიმებისთვის: დაჭერისას ფრჩხილის ძირში არსებული წითელი ნახევარმთვარეები თეთრდება, თუ პრობლემის მიზეზი მართლაც კაპილარების გაფართოებაა; ეს კი სისხლძარღვთა სისტემაში ისეთ დარღვევაზე მიუთითებს, რომელიც ყურადღებას საჭიროებს.

ფრჩხილის ნამგალა ლაქებმა სხვა ფერიც შეიძლება მიიღოს — მაგალითად, ცისფერი მიუთითებს დიაბეტზე, ყავისფერი კი დაკავშირებულია თირკმლის დაავადებასთან, მაგრამ ამ მიმოხილვის მთავარი სათქმელი ისაა, რომ არ უნდა უგულებელყოთ წითელი შეფერილობა, თუ ის გამოჩნდება.

ფრჩხილის ეს ნაწილები, რომლებიც ადვილად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სინამდვილეში ორგანიზმის ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

„ამ მოვლენის იშვიათობიდან გამომდინარე, ხშირად უგულებელყოფენ მის პოტენციურ დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას. წითელი ნამგალა ლაქების გამოვლენისას კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ მათი კავშირი თანმხლებ სისტემურ ან დერმატოლოგიურ დაავადებასთან. ამ დახვეწილმა კლინიკურმა ნიშანმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სისტემური დაავადების ადრეულ დაფიქსირებას და იდენტიფიცირებას“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა American Journal of the Medical Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი