კვლევები მიუთითებს, რომ მზისგან ერთ ძლიერ დამწვრობასაც კი შეუძლია, თქვენი ჯანმრთელობა სამუდამოდ შეცვალოს — #1tvმეცნიერება
ნებისმიერს, ვისაც ბავშვობაში ზაფხულობით მზისგან დამწვარი კანი ახსოვს, შეიძლება აწუხებდეს ერთი არასასიამოვნო კითხვა — მიაყენა თუ არა კანს ხანგრძლივი ზიანი ამ რეგულარულმა დამწვრობებმა?
ჟურნალ JAMA Dermatology-ში გამოქვეყნებული მეტაანალიზი მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, დიახ.
321 000 ადამიანზე ჩატარებული 17 კვლევის გაანალიზების შემდეგ გაირკვა, რომ მათ უფრო მაღალი აქვთ კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას (cSCC) განვითარების რისკი. კვლევის მონაწილეებს ჰქონდათ მტკივნეული, ბუშტუკოვანი ან ძლიერი მზისგან დამწვრობა.
მკვლევრებმა ათასობით გამოქვეყნებულ კვლევას გადახედეს და საბოლოოდნ, ანალიზისთვის მონაცემები 17 მათგანიდან აიღეს. ასე დაადგინეს, რომ სიცოცხლის განმავლობაში საშუალო სიხშირის მტკივნეული, ბუშტუკოვანი ან ძლიერი მზისგან დამწვრობის მქონე ადამიანებს 51 პროცენტით უფრო მაღალი ჰქონდათ კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას განვითარების რისკი, ვიდრე მათ, ვისაც მზისგან დამწვრობის ასეთი ისტორია არ აქვთ.
მაღალი სიხშირით ასეთი ისტორიის მქონეებს კი რისკი 69 პროცენტით მაღალი ჰქონდათ.
ნიუ-იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექსპერტები ასეთ დამწვრობებს „ცხოვრების შემცვლელი მზის დამწვრობას“ უწოდებენ, რადგან იმ ზიანის ეფექტები, რასაც ულტრაიისფერი რადიაცია (UV) კანის უჯრედების დნმ-ს აყენებს, შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
როცა მზისგან დამწვრობა ცხრება, თავს შეიძლება უკეთ ვგრძნობდეთ, მაგრამ დნმ-ის დაზიანება გრძელდება.
„როცა სხეული დაზიანებას აღადგენს, ზოგჯერ შეიძლება მოხდეს შეცდომები. დროთა განმავლობაში, ეს მუტაციები შეიძლება დაგროვდეს და ხელი შეუწყოს კანის კიბოს წარმოქმნას“, — ამბობს როჩესტერის უნივერსიტეტის ვილმოტის კიბოს ინსტიტუტის ონკოლოგი ადრიან ვიქტორი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მეტაანალიზი 2025 წელს გამოქვეყნდა და ჩაატარა დერმატოლოგმა ისააკ ვებერმა და მისმა კოლეგებმა ტეხასის უნივერსიტეტის MD ანდერსონის კიბოს ცენტრიდან და აშშ-ის სხვა ინსტიტუციებიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ კარგად არის დადგენილი ულტრაიისფერი გამოსხივების როლი კანის ბრტყელუჯრედოვან კარცინომაში (cSCC), მზისგან დამწვრობის კონკრეტული ეფექტი ნაკლებად გარკვეული რჩება, რადგან წარსულის დამწვრობების ეფექტების გაზომვა ათწლეულების შემდეგ რთულია. ქრონიკული ულტრაიისფერი ზემოქმედების მზის დამწვრობისგან გამოყოფა რთულია, რადგან ისინი პოტენციურად ერთმანეთს ფარავენ — უფრო მეტი მზის დამწვრობის მქონე პირებს შეიძლება უფრო მეტი ქრონიკული ზემოქმედება ჰქონდეთ“, — წერენ ვებერი და მისი კოლეგები.
მკვლევრებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც შესაძლებლობის შემთხვევაში, ასაკის, სქესის, კანის ფერისა და კანის მგრძნობელობის მიხედვით იყო კორექტირებული.
თვალში საცემი იყო, რომ ბავშვობაში ხშირი მზისგან მწვავე დამწვრობები დაკავშირებული აღმოჩნდა კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას (cSCC) განვითარების მაღალ რისკთან — სამჯერ მეტ შანსთან და მიუთითებდა იმაზეც, რომ სულ რამდენიმე მწვავე დამწვრობაც კი ზრდიდა cSCC-ის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების სანდოობა დაბალი რჩებოდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მონაცემები ეფუძნებოდა ხალხის მიერ წარსულში მზისგან დამწვრობის ისტორიების გახსენებას, ვებერმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ მათი შედეგები ხაზს უსვამს მზის დამწვრობის პრევენციის ეფექტიანი სტრატეგიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
„ბავშვები უფრო მეტად მოწყვლადნი არიან მრავალი რისკფაქტორის გამო, მათ შორის პიგმენტების მწარმოებელი კანის უჯრედების ბიოლოგიის, ბავშვობაში მზის ზემოქმედების მაღალი ალბათობის და მზისგან დამცავი საშუალებების არათანაბარი გამოყენების გამო“, — ამბობს დერმატოლოგი ჯინია ელ-ფეგალი.
მსგავს დასკვნებამდე მივიდა წარსულში ჩატარებული მეტაანალიზებიც, რომლებშიც სწავლობდნენ კანის სხვა კიბოებს და მზისგან დამწვრობის ისტორიებს — რაც უფრო მწვავე მზის დამწვრობებია ბავშვობაში, ათი წლის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მით უფრო მაღალი იყო მელანომის და ბაზალური უჯრედული კარცინომა.
არსებითად, დაზიანება გროვდება და ხშირი მძიმე დამწვრობა საშიშია, ამიტომ მათი თავიდან აცილება დიდწილად ამცირებს კანის კიბოს რისკს.
რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს მონაცემები, მთლიან ამბავს მაინც ვერ ჰყვება.
ულტრაიისფერი რადიაცია ცნობილი კანცეროგენია და ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში მზის სხივების ზემოქმედება ძალიან რეალურ გავლენას ახდენს კიბოს განვითარების შესაძლებლობაზე, თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც.
როლს ასრულებს გენეტიკაც, მაგრამ ყველაფრის თავშია ცხოვრების წესის არჩევანები, როგორიცაა მოწევა, რომელსაც ასევე შეაქვს წვლილი კანის კიბოში.
მელანომის რისკს ზრდის სოლარიუმებიც. 2025 წლის კვლევის თანახმად, ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების რეგულარული ზემოქმედება კანს შეიძლება იმაზე მეტად აუარესებდეს, ვიდრე მზის სინათლე.
მზის ხანმოკლე ზემოქმედება შესაძლოა D ვიტამინის დონის ამაღლებაში დაგეხმაროთ, თუმცა, მზის დამწვრობის ისტორიისა და კანის კიბოს რისკის შესახებ ბოლოდროინდელი მეტაანალიზების შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი დამწვრობები, რომლებიც კანს თვალსაჩინოდ აზიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დამწვრობათა ისტორიის შეცვლა არ შეგვიძლია, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ახალი დამწვრობები.
მზის ჭარბი ზემოქმედებისგან თავის დაცვას გარკვეული ფიქრი და დაგეგმვა სჭირდება.
„ზოგიერთი ადამიანი მზისგან დამცავის (სანსქრინი) გამოყენებისგან თავს იკავებს მითების გამო, რომ თითქოს მისი ინგრედიენტები კანის კიბოს იწვევს. თუმცა, უძლიერესი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კანის კიბოების უმეტესობის ძირითადი გამომწვევია ულტრაიისფერი სინათლის ზემოქმედება“, — ამბობს ონკოლოგი ადრიან ვიქტორი.
მეტაანალიზი JAMA Dermatology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.