მბაპე ფრანგული ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას ლიდერობს #1TVSPORT
გაზეთმა „ეკიპმა“ გამოაქვეყნა ფრანგულ ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი ადამიანების TOP30.
პირველ ადგილზე გავიდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე. „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელიც 2021 წელს საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა, მეორე გახდა (შარშანდელთან შედარებით, მან სიაში 18 პოზიცია მოიგო). მესამე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი.
მწვრთნელი კრისტოფ გალტიე, რომელთან ერთადაც „ლილმა“ გასულ წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, მეშვიდედან მეოთხე ადგილამდე ავიდა. მეხუთე ადგილზეა საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი.
ათეულში მოხვდნენ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი (მერვე ადგილი) და „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი (9). ათეულის მიღმა არიან: „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი (12), „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი (13), „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა (14), საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტიერი ანრი (23), აგენტი მინო რაიოლა (25).
ქალი არბიტრი სტეფანი ფრაპარი, რომელიც შარშან პირველ ადგილზე იყო, მე-18 პოზიციამდე დაქვეითდა.