მაყვალა გონაშვილი - 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს, შენობაში როცა მივედი, გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ფეხებით გადადიოდნენ
2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს. გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ზედ ფეხებით გადიოდნენ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მაყვალა გონაშვილის თქმით, მაჩაბლის ქუჩა მთლიანად გადაკეტილი იყო ნიღბიანი ადამიანებით.
„ხელისუფლებისგან ბოლოს როცა მივიღეთ წერილი, დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. წარმოებაში როცა არის საქმე, მაშინ რაიმეს აღსრულება არ შეიძლება. ვიდრე სარჩელს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, რეზო ჩხეიძე, გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ათენებდნენ ღამეებს. საქმე წარმოებაში არის წასულიო, რომ გვითხრეს, პირველად მაშინ დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. 2007 წლის 21 აგვისტოს, ღამის 04:00 საათზე მირეკავენ, შენობა გატეხესო. ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა გატეხეს-მეთქი. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ-მეთქი. პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ ძალიან მინდოდა, ადვოკატთან ერთად გადამებარებინა, თუნდაც ეს ქონება. მითხრეს, არაფრის უფლება არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა კაბინეტიდან. ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. ღამის 04:00 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ, გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და პირველი სართულიდან მესმის საშინელი ხმები. ჩავირბინე და ვხედავ, ფანჯრიდან იყრება ყველაფერი“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.