მავალმა Curiosity-მ მარსზე უცნაური ხვრელები იპოვა, მეცნიერები არკვევენ, რა შეიძლება იყოს ისინი — #1tvმეცნიერება

17:10, 09.09.2026

დედამიწიდან მილიონობით კილომეტრის მანძილზე, დამშრალი კრატერული ტბის ფსკერზე ეულად მოხეტიალე NASA-ს მავალი Curiosity უკვე 14 წელია, იქაურობას იკვლევს.

მთელი ამ დროის განმავლობაში, მან გეილის კრატერში ნახა მრავალი კარგი, ცუდი თუ მახინჯი რამ. უცნაური მინერალები; საინტერესო ტექსტურის ქანები; წითელი შუადღეები და ცისფერი დაისები; მარსის ორი მთვარის მიერ გამოწვეული მზის დაბნელებაც კი.

მარსის უხეში ლანდშაფტი მრავალ ისეთ საიდუმლოს მალავს, რომელიც მეცნიერებს წითელი პლანეტის გეოლოგიური ისტორიის შესწავლაში ეხმარება; მავალის მიერ აღმოჩენილ ყველა უცნაურობას ადრე თუ მალე მაინც ეძებნება ახსნა.

თუმცა, ამდენი ხნის შემდეგაც კი, მავალი მაინც აწყდება მარსის უცნაურობებს — რაღაც ისეთებს, რისი მარტივად ახსნაც ჭირს.

ამჯერად, ეს გახლავთ ხვრელები.

Curiosity-მ ისინი მიწაზე მაშინ შენიშნა, როცა ვალე-გრანდეში მიღოღავდა — ვრცელ ხეობაში, რომელიც გელის კრატერის შუაგულში აღმართულ შარპის მთის სულფატით მდიდარ ფენებშია ამოჭრილი.

მარსზე ხვრელებიანი და ორმოებიანი მიწა სიახლე არაა. ყველგან, სადაც არის გეოლოგია და მეტეორიტების ცვენის ისტორია, არის ხვრელებიც. მაგრამ ეს ხვრელები — ციცქნა, არაღრმა ორმოები მიწაში — საერთოდ არ ჰგავს მარსზე აქამდე ნანახს.

როგორც წესი, მიწაში პატარა ორმოები ადვილად შეიძლება აიხსნას. რბილ ქანებში ჩაჭედილი კენჭები ან მინერალთა კვანძები ეროზიას უფრო დიდხანს უძლებს, ვიდრე მიმდებარე სუბსტრატი, ვიდრე საბოლოოდ ამოვარდება და მის ადგილას პატარა სიღრუე დარჩება.

ახლად აღმოჩენილი ხვრელები სხვანაირია. როგორც წესი, ისინი ფართო და არაღრმაა და ახლომახლოს არც რაიმე აშკარა კენჭები ან კვანძებია, რომლებიც ერთ დროს ამ ხვრელების ადგილას შეიძლება ყოფილიყო.

ამიტომ, Curiosity-ს სამეცნიერო ჯგუფმა მათი ახლოდან შესწავლა გადაწყვიტა.

მავალის ხელსაწყო MAHLI-მ ხვრელები ახლოდან გადაიღო, Mastcam კამერებმა კი მიმდებარე რელიეფის ერთმანეთზე გადადებული სტერეო გამოსახულებები აღბეჭდა.

ამ სურათების კომბინირებით შესაძლებელია ზედაპირის სამგანზომილებიანი მოდელების შექმნა, რის საფუძველზეც მეცნიერები ზომავენ ორმოების ფორმებს, სიღრმეს და იმედია დაადგენენ მათი წარმოქმნის ამბავსაც.

საიდუმლო განსაკუთრებით დამაინტრიგებელია იმიტომ, რომ Curiosity ამჟამად შედარებით ახალ ტერიტორიაზე მიგორავს.

წლის დასაწყისში, მავალმა დატოვა უცნაური, აბლაბუდას ქსელის მსგავსი, ფიჭისებრი რელიეფი, რომლის შესწავლასაც თვეები მოანდომა — მდგრადი მინერალიზებული ქედების ლანდშაფტი, რომელიც სავარაუდოდ, მილიარდობით წლის წინ მიწისქვეშა წყლებმა ჩამოაყალიბა.

ამჟამად ის შარპის მთაზე ადის და გზადაგზა იკვლევს დაშრევებულ სულფატურ ქანებს ფიჭისებრი რელიეფის ზემოთ.

Curiosity-ს მარშრუტი

მავალის ასვლასთან ერთად, თავად ეს შრეები იცვლება — ჩნდება სხვაობები ტექსტურაში, ქიმიურ შემადგენლობაში და ეროზიისადმი წინააღმდეგობაში, რამაც შეიძლება შეინახოს უძველესი მარსის ცვალებადი გარემო პირობები.

2026 წლის აგვისტოს ბოლოს, მავალი მთაზე უკვე 1000 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

შარპის მთის მწვერვალი კრატერის ფსკერიდან 5,5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი დანალექოვანი შრეები ინახავს პლანეტის გეოლოგიური ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერებს.

მაღლა ნელ-ნელა ასვლისას, Curiosity ამ შრეებს სწავლობს, ეძებს მინიშნებებს, რომლებსაც შეუძლია გვითხრას, როგორ გადაიქცა ერთ დროს წყლიანი გარემო იმ მშრალ პლანეტად, რომელსაც დღეს ვხედავთ.

უცნაური ხვრელები ერთადერთი საიდუმლო არაა, რომელსაც Curiosity იკვლევს. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს სწრაფი ცვლილებები ამ თანმიმდევრული კლდოვანი ფენების ვიზუალში, მათ შორის უფრო უხეში ნაცრისფერი ფენები, რომლებიც ეროზიას მიმდებარე ქანებისგან განსხვავებულად უძლებს.

იმის გასარკვევად, თუ რატომ, ჯგუფმა Curiosity-ს ქიმიური ნიმუშების აღება დაავალა. ამ მონაცემთა ანალიზი უფრო მეტ დროს წაიღებს.

ასე იქნება ხვრელების კვლევის შემთხვევაშიც. ისინი შეიძლება წარმოქმნილი იყოს ჩვენთვის უცნობი ეროზიული პროცესის, ქანების უჩვეულო თვისებების ან რაღაც სრულიად სხვა ფაქტორის გამო. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი