მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებები შესაძლოა, გასაჩივრებას დაექვემდებაროს
მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებები შესაძლოა, გასაჩივრებას დაექვემდებაროს

მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებები გასაჩივრებას დაექვემდებარება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკუთვნის. კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ცვლილებების განხილვა პარლამნეტში ორშაბათიდან დაიწყება და მას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

მისი თქმით, მაუწყებლების შიდა თვითრეგულირების ორგანოები არაეფექტიანია.

„მაუწყებელი ვალდებულია, ჰქონდეს თვითრეგულირების მექანიზმი და ყველა მაუწყებელს აქვს. ყველა საჩივარი, რომელიც არსებობს, უნდა შევიდეს ამ მექანიზმში და მათ უნდა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილება არსად საჩივრდება. მართალი გითხრათ, მსგავსი რამ არსად მახსენდება, რომ გასაჩივრების უფლება არ იყოს. გამონაკლისია პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. თავის დროზე ეს მექანიზმი მისი ეფექტურობისთვის და მაუწყებლების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის შეიქმნა, თუმცა დღეის მდგომარეობით მსგავსი საჩივრები ძალიან ცოტაა. გასული წლის ბოლოს პარლამენტში ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს ამ საკითხსაც. დადგენილია ხარვეზები ევროპულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.

მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ჩნდება როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ისე სასამართლოში.

„ეს ნიშნავს, რომ ამ მექანიზმებს უფრო ეფექტურს გახდის, რადგან მათ ვალდებულება ექნებათ, არგუმენტირებულად დაასაბუთონ გადაწყვეტილებები. მიიღებს თუ არა პარლამენტი ამ ინიციატივას, ორშაბათს გადაწყდება. ველოდებით, რომ საზოგადოებაში ამ ინიციატივას აზრთა სხვადასხვაობა მოყვება. გვესმის, რომ რთულია საკანონმდებლო წყალგამყოფის დაწესება გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

განცხადება სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაკეთდა, სადაც მორიგი დისკუსია იმართება. შეხვედრის თემა გამოხატვის თავისუფლებაა.

დატოვე კომენტარი