მაურო იკარდიმ ვენაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა
მაურო იკარდიმ ვენაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა

ინტერში მაურო იკარდის მომავალი ეჭვქვეშ დგას. ფეხბურთელმა უარი განაცხადა ვენაში გამგზავრებაზე, სადაც მილანური კლუბი, ევროპა ლიგის მატჩში, ადგილობრივ რაპიდს უნდა დაუპირისპირდეს. ამის მიზეზი, როგორც იტყობინებიან, იკარდისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა გახდა.

პრობლემები არგენტინელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხდა. როგორც ცნობილია, ინტერს იკარდის დატოვება 2021 წლის შემდეგაც სურს, მაგრამ ბოლო მოვლენების შემდეგ ფეხბურთელის მომავალი ამ გუნდში ბუნდოვნად ჩანს.

ვენაში გამგზავრებამდე, მილანურმა გუნდმა ტვიტერის საშუალებით გამოაცხადა, რომ კაპიტანი ამიერიდან მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი იქნება, მოგვიანებით კი მწვრთნელმა მაურო იკარდი ავსტრიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში ჩვეულებრივად შეიყვანა.

მიუხედავად ამისა, ევროპა ლიგის დღევანდელი მატჩის განაცხადში იკარდი არ ფიგურირებს და, როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა თავად თქვა უარი თამაშზე.

„იკარდისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა რთული და მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩვენ ამ ფეხბურთელის ფასი ვიცით. მიუხედავად ამისა, კლუბში ყველა მიიჩნევს, რომ ეს სწორი ქმედება იყო, რადგან ყველაფერი კლუბის ინტერესებს უნდა შევუსაბამოთ“, – განაცხადა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.

იკარდის არყოფნაში დღეს მოედანზე მისი თანამემამულე ლაუტარო მარტინესი იქნება.