მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთს კანონის უზენაესობასთან პრობლემა არ აქვს
მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთს კანონის უზენაესობასთან პრობლემა არ აქვს

პოლონეთს კანონის უზენაესობასთან პრობლემა არ აქვს, – ასე პასუხობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ევროკავშირის ლიდერების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. ეს განცხადება მან ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„პოლონეთს არ აქვს პრობლემა კანონის უზენაესობასთან, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ვერ ხვდება ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმას. არსებობს კონკრეტული სფეროები, მაგალითად, სპორტთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ევროკავშირის კომპეტენციის მიღმაა. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია, მაგრამ როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ჩვენ მოგვიწია იმის შეხსენება, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის საზღვრებში“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირსა და პოლონეთის ხელისუფლებას შორის დავა რამდენიმე თვეა, გრძელდება. უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე უპირატესია. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიაში გააკრიტიკეს და პოლონეთს ფინანსური სანქციებით დაემუქრნენ. ვარშავაში კი, ევროკავშირი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს.