მათეუშ მორავიეცკი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველების ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებს, საქართველოს ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია
მათეუშ მორავიეცკი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველების ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებს, საქართველოს ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია

მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველების ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებს, საქართველოს ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მათეუშ მორავიეცკი აღნიშნავს, რომ ქართველ და პოლონელ ხალხს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ კი, ქართველებისა და პოლონელების მეგობრობა უფრო გააძლიერა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველი და პოლონელი ხალხის დაახლოებაში და განაგრძობს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სივრცის მშენებლობას.

„როდესაც 14 წლის წინ პუტინი თავს ესხმოდა საქართველოს, აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა: „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი შესაძლებელია ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს.“

ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები, დღეს მათ მთელი მსოფლიო იმეორებს. მაშინ დაცინვის საგანი გახდა. ესმოდათ, მაგრამ გაგება არ სურდათ, უგუბელებელყოფდნენ მათ მნიშვნელობას.

ამიტომაც არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიიდან სწორი დასკვნების გამოტანა და პუტინის შესაჩერებლად ყველაფრის გაკეთება. ქართველებზე უკეთესად ვის უნდა ესმოდეს ეს, მაშინ როდესაც ქვეყნის 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ?

პოლონეთი მხარს უჭერს ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების პაკეტის შემოღებას. ამავდროულად მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველების ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებს. საქართველოს ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია!

ქართველ და პოლონელ ხალხს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ კი, რომლის ძეგლის გახსნის პატივიც დღეს მერგო, უფრო გააძლიერა ჩვენი მეგობრობა.

ჩვენი ალიანსი იმ მარცვლის ნაყოფია, რომელიც 2008 წელს მან დარგო. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობის დადგომასთან ერთად, მომავალში დიდ მოსავალს მოვიმკით.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველი და პოლონელი ხალხის დაახლოებაში და განაგრძობს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სივრცის მშენებლობას“,- აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.