მატეუშ მორავიეცკი - ევროპა ადვილად აცდუნა რუსეთმა, ეს არა მხოლოდ პუტინის დემონური შესაძლებლობებით, არამედ ევროპის სისუსტითაა განპირობებული, გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ სული გაყიდა
მატეუშ მორავიეცკი - ევროპა ადვილად აცდუნა რუსეთმა, ეს არა მხოლოდ პუტინის დემონური შესაძლებლობებით, არამედ ევროპის სისუსტითაა განპირობებული, გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ სული გაყიდა

რუსეთში კომუნიზმი დასრულდა, მაგრამ კოლონიალიზმი არ დასრულებულა, სხვა ერებზე ბატონობისა და დომინირების თაობაზე რუსეთის ნება არ დასრულებულა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ვარშავის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ თავისი სული გაყიდა.

როგორც პოლონეთის მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საჭიროა ბრძოლა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რუსულ რესურსებზე ევროპის დამოკიდებულებაზე და მართლაც ასეა. პუტინი ნარკორეალიზატორივით მოიქცა, დილერი პირველ დოზას ყოველთვის აძლევს უფასოდ ან ძალიან იაფად, რათა ნარკომანი კიდევ მივიდეს და ნებისმიერ ფასზე დათანხმდეს. ის, რომ ევროპა ასე ადვილად აცდუნა რუსეთმა, არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის დემონური შესაძლებლობებით არის განპირობებული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ევროპის სისუსტით. დღეს ჩვენთვის საკმარისი არ არის ევროპის აღდგენაზე საუბარი, დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ევროპის აღდგენაზე, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება გახდეს მრავალი ათწლეულის განმავლობაში განვითარების მუდმივი საფუძველი. რუსეთთან გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ თავისი სული გაყიდა.

უკრაინის ომი დასავლეთისთვის ძალის გამოცდაა. ჩვენ აშკარა არჩევანის წინაშე ვდგავართ, ან რუსეთის გამარჯვება და დასავლეთის დამარცხება, ან დასავლური ცივილიზაციის რენესანსი. პოლონეთმა პირველმა აჩვენა, რომ ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინასთან, არამედ ეს არის ომი ევროპის მომავლისთვის, თავისუფალი სამყაროს მომავლისთვის. დასავლეთმა უნდა გააკეთოს ეს, თავისუფალმა სამყარომ ეს ომი რუსული იმპერიალიზმისა და რუსული კოლონიალიზმის ვატერლოოდ უნდა აქციოს. იმისთვის, რომ რუსეთთან ომი მოვიგოთ, ჩვენ უნდა ავაშენოთ სრულიად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, განსაკუთრებით, ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკურ განზომილებაში. პოლონეთი მზადაა, აიღოს თანაპასუხისმგებლობა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე. პოლონეთი მზად არის, გახდეს პოსტიმპერიული ევროპის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. რუსეთის დამარცხება საკმარისი არ არის, ჩვენ ასევე უნდა ავაშენოთ სამყარო, რომელშიც რუსეთის იმპერიალიზმსა და კოლონიალიზმს, რუსეთის ბატონობას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.