მატეუშ მორავიეცკი და რიში სუნაკი მიესალმებიან გერმანიის გადაწყვეტილებას, გადასცეს ტანკები უკრაინას 
მატეუშ მორავიეცკი და რიში სუნაკი მიესალმებიან გერმანიის გადაწყვეტილებას, გადასცეს ტანკები უკრაინას 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, გადასცეს ტანკები უკრაინას და კანცლერ ოლაფ შოლცს მადლობას უხდის.

პოლონეთის მთავრობის მეთაური გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთის შეჩერებისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებს.

„მადლობა, კანცლერო ოლაფ შოლც. უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გაგზავნის გადაწყვეტილება არის რუსეთის შეჩერებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

უკრაინაში ტანკების გაგზავნას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

„ნატო-ს მოკავშირეებისა და მეგობრების მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გაგზავნა არის სწორი გადაწყვეტილება. Challenger 2-თან ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვით ძალას. ერთად ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – წერს რიში სუნაკი.