მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ვარშავა მიმართავს ბერლინს ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი გადასცემს „ლეოპარდებს“ უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში
მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ ვარშავა მიმართავს ბერლინს ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი გადასცემს „ლეოპარდებს“ უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვარშავა მიმართავს ბერლინს ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს „ლეოპარდებს“ უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში. ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებამ, რომ ბერლინი მზადაა, პოლონეთს მისცეს უფლება, ტანკები გაუგზავნოს უკრაინას, იმედის ნაპერწკალი გააჩინა.

„ზემოქმედებას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების კოალიციის შექმნისკენ, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას ამ დრამატულ ბრძოლაში, ეფექტიანი აღმოჩნდა“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი მუდმივად ახდენს ზემოქმედებას გერმანიის მთავრობაზე, რომ მათ მიაწოდონ ტანკები უკრაინას.

„გერმანიას აქვს 350 აქტიურ „ლეოპარდზე“ მეტი და 200 მათგანი რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს არის ბრძოლა ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა ვარშავამ გერმანიას ტანკების უკრაინისთვის გაგზავნის მოთხოვნით, მორავიეცკი პასუხობს, რომ პოლონეთი ამას გააკეთებს, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას ბერლინისგან, „მცირე კოალიციის“ ფარგლებში, თუნდაც მასში გერმანელები არ იყვნენ, მაინც გადავცემთ უკრაინას ტანკებს და სხვა დანარჩენს. ჩვენთვის პირობა არის თუნდაც ასეთი მცირე კოალიციის შექმნა“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.