მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას თუ „ლეოპარდებს“ არ გადასცემს, მაშინ ვარშავა მცირე კოალიციას შექმნის, რომელიც უკრაინას ტანკებით უზრუნველყოფს
მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას თუ „ლეოპარდებს“ არ გადასცემს, მაშინ ვარშავა მცირე კოალიციას შექმნის, რომელიც უკრაინას ტანკებით უზრუნველყოფს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ გერმანია უკრაინას „ლეოპარდებს“ არ გადასცემს, მაშინ ვარშავა მცირე კოალიციას შექმნის, რომელიც უკრაინას ტანკებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ განცხადება მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მორავიეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის მთავრობის პოზიცია.

„გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის აგრესიის გამო ყოველდღე იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. რუსული ბომბები აცარიელებს უკრაინულ ქალაქებს. დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო ობიექტებზე, იღუპებიან ქალები და ბავშვები“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობა ამ დრომდე უარს ამბობს უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე. პოლონეთმა განაცხადა, რომ მზადაა, მათ შეიარაღებაში არსებული გერმანული მძიმე ტექნიკა გადასცეს კიევს, თუმცა ამისთვის ბერლინის თანხმობაა საჭირო. ერთადერთი, რაზეც გერმანია დათანხმდა, არის ინვენტარიზაციის ჩატარება, რათა დაადგინოს, რამდენი ტანკის გადაცემა იქნება შესაძლებელი უკრაინისთვის.