მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის
მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის

საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დიპლომატიურ ნოტას გავუგზავნით გერმანიას. ჩვენ მათ მოვუწოდებთ მოლაპარაკების პროცესისკენ. ჩვენ ამის მიღწევას ვეცდებით ყველა შესაძლო ფორუმზე, ყველა შესაძლო გზით“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებსა და წლებში პოლონეთი აქტიურად გააშუქებს ახლახანს წარმოდგენილ ანგარიშს ომში პოლონეთის დანაკარგების შესახებ და ყველაფერს, რაც მასში წერია.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ პრობლემის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა.

„პოლონეთის მხრიდან არ ყოფილა არც უარი რეპარაციების შესახებ, არც ერთი უარი კომპენსაციაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მორავიეცკიმ.

​მისი თქმით, მაშინდელმა პოლონეთის კომუნისტმა ლიდერმა, ბოლესლავ ბერუტმა განაცხადა, რომ იყო მინისტრთა საბჭოს ერთგვარი გადაწყვეტილება ვარშავის მიერ გერმანულ რეპარაციაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა, როგორც მორავიეცკი ირწმუნება, არც ერთ გაერო-ს დოკუმენტში არ არის მსგავსი რეზოლუცია და აღნიშნული დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დოკუმენტებში.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში წარადგინეს ანგარიში მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბერლინმა ვარშავას უნდა გადაუხადოს 1,5 ტრილიონ დოლარზე მეტი, საომარი რეპარაციების სახით. გერმანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას პოლონეთთან არ აპირებენ და საკითხს დახურულად მიიჩნევენ, რადგან პოლონეთმა უარი თქვა რეპარაციებზე.