ამსტერდამის „აიაქსის“ ცენტრალურმა მცველმა მატეის დე ლიხტმა გამოცემა „მუნდო დეპორტივოსთან“ საკუთარი მომავალი კარიერის შესახებ ილაპარაკა.
„ეს მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი სეზონი იყო – როგორც ჩემთვის, ასევე „აიაქსისთვის“ და ჰოლანდიის ნაკრებისთვის“, – ამბობს დე ლიხტი, – „ჯერ კიდევ არ ვიცი, რას მეუბნება გული. არდადეგების დროს დავფიქრდები მომავალზე და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემთვის მთავარია, დარწმუნებული ვიყო, რომ ახალ გუნდში ბევრ სათამაშო დროს მივიღებ. არ ვიცი, როდის გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ აჩქარებას არ ვაპირებ. კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ მეძახის, დე იონგი კი „ბარსელონაში“? არავის არ ვაქცევ ყურადღებას, თავად უნდა ავირჩიო ჩემი გზა. რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება ფრენკისთან და მესისთან ერთად თამაში, მაგრამ უნდა გადავწყვიტო, რა იქნება უკეთესი ჩემთვის. მათ შესანიშნავი დაცვა ჰყავთ, თუმცა მე არ მეშინია კონკურენციის. ლოგიკური და სწორია, რომ ასეთ შესანიშნავ გუნდში კონკურენცია არსებობს. „ბარსელონაში“ გადასვლა რთულდება ფინანსების გამო? არა, საქმე ფულში არ არის. შესაძლოა, ჯერ არ მოსულა დრო. უნდა შევაფასო ყველაფერი და გადაწყვეტილება სეზონებს შორის შესვენებისას მივიღო“.
2018-2019 წლების სეზონზე დე ლიხტმა 55 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზეა შვიდი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა. 19 წლის ფეხბურთელმა „აიაქსთან“ ერთად დუბლი შეასრულა.