მათე ტაკიძე - პროფესიული განათლება რომ მიმზიდველი არ არის, ჩვენი მენტალური პრობლემაა
მათე ტაკიძე - პროფესიული განათლება რომ მიმზიდველი არ არის, ჩვენი მენტალური პრობლემაა

ის, რომ პროფესიული განათლება მიმზიდველი არ არის, ჩვენი მენტალური პრობლემაა, ადამიანებს ახსოვთ 90–იან წლებამდე პერიოდი, როცა ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩავარდნა იყო და გვინდა, ეს ძველი წარსული დავივიწყოთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მიდგომები შეიცვალა, არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული ლაბორატორიები, გადამზადებული პედაგოგები და სტანდარტები, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად ამერიკის, ევროკავშირის, უამრავი დონორი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩართული.

როგორც ტაკიძე ამბობს, პროცესში ჩართულია ბიზნესი, რომლის განვითარებისთვის კადრების დეფიციტის აღმოფხვრა აუცილებელია.  

„რომელიმე კომპანიამ, შესაძლოა, ასეული მილიონობით ინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ ბიზნესს ადამიანები სჭირდება, ვინც ამ ყველაფერს მოემსახურება, ამიტომ ეს დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა ტაკიძემ.

მათე ტაკიძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ საქართველოში ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ოთხ პროგრამაზე საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს გასცემს.

„ჩვენ ეს მას შემდეგ მოვიპოვეთ, რაც ფონდ „საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ მილენიუმის კომპაქტში ათასწლეულის კორპორაციის გრანტი მოვიგეთ. ეს არის საკმაოდ დიდი გრანტი, რომელშიც ჩართულია ამერიკული მხარე, ექსპერტები, Pearson–ი და BTEC–ი, რომლის ავტორიზაცია ოთხ მიმართულებაში გავიარეთ. ეს გახლავთ შედუღება, ენერგეტიკა, ვენტილაცია–კონდიცირება და წყალმომარაგების მიმართულება“, – განაცხადა ტაკიძემ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ ნაწილში დაახლოებით 35 ადამიანის გადამზადება ხდება, რათა მათი სტანდარტი ინგლისელთა მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.