მატჩი დათოვლილ მოედანზე - „საბურთალომ“ სეზონის განახლებამდე ბოლო სპარინგი მოიგო
თბილისურმა „საბურთალომ“ თურქული შეკრება ორი დღის წინ დაასრულა და ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას დედაქალაქში ამთავრებს.
„საბურთალომ“ სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი 23 თებერვალს, დიღომის სპორტულ კომპლექსში, თბილისის „შევარდენი 1906“-თან დაგეგმა, მაგრამ უამინდობის გამო შეხვედრა გადაიდო. მართალია, შემდეგ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა, მაგრამ მატჩი მაინც გაიმართა.
გუნდები ერთმანეთს დათოვლილ მოედანზე დაუპირისპირდნენ. ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „საბურთალომ“ რანგით დაბალ ლიგაში მოთამაშე მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. გოლები თომა და იური ტაბატაძეებმა და რაფიქ ამინუმ გაიტანეს.
ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დღეებში „საბურთალო“ კვლავ თბილისში მოემზადება, პირველ მარტს კი პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ლევან კორღალიძის გუნდი „მიხეილ მესხი – არენაზე“ „ლოკომოტივს“ შეხვდება.