მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტია [ვიდეო]

საქართველოს 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდეტს შორის დასახელდა.

როგორც მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საიტზეა აღნიშნული, საუკეთესო 50-ეული რამდენიმე ათას მასწავლებელს შორის შეირჩა.

ლადო აფხაზავას დახასიათების გრაფაში კი წერია, რომ ამ მასწავლებლის ძალისხმევითა და მეთოდებით სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში განათლების ხარისხი გაიზარდა.

„ამ დროისთვის ლადო აფხაზავას შეფარებული ყავს რვა მოსწავლე, რომლებმაც ოჯახური ძალადობის გამო მშობელთა სახლები დატოვეს. მან სკოლაში დაიწყო პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ რომლიც მიმსგავსებულია სახელმწიფოს მართვასთან და ამით უფრო მეტი მოსწავლე ჩართო სასწავლო პროცესში. მისი სწავლის მეთოდებითა და მიდგომებით სკოლა უფრო ღია გახდა, გაუმჯობესდა კომუნიკაცია მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შორის. ამით მოსწავლეებმა უფრო აქტიური როლი შეიძინეს სკოლაში. საკუთარი პროგრამა მან კიდევ 14 სხვა სკოლაში მიიტანა და განახორციელა, ეს ნიშნავს რომ ის ქვეყნის შიგნით მოგზაურობს და ეხმარება სხვა საჯარო სკოლებსაც კონსულტაციებით“, – აღნიშნულია მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საიტზე.

თავად ლადო აფხაზავამ პირველ არხს განუცხადა, რომ გამარჯვების მოლოდინი არ ჰქონდა.

„სკოლაში ყოფნის დროს შევამოწმეთ საიტი და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო 50 საუკეთესოს შორის მოხვდა. მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა, თუმცა დავალებები გამომიგზავნეს, აგზავნიდნენ შეკითხვებს და გარკვეული დაინტერესება, რომ ქონდათ იგრძნობოდა. აინტერესებდათ, რა პროექტებს ვაკეთებ, რა პრობლემებზე ვმუშაობდი, რის მიღწევა მინდოდა და ა.შ. ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ ბავშვებმა მითხრეს, ჩემი გამარჯვება მათი დამსახურებაა”, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

„მასწავლებელთა გოლბალური ჯილდოს“ შემდეგი ეტაპი საუკეთესო 10-ეულის გამოვლენაა. ეს დაახლოებით მომავალი თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდება. თუმცა მანამდე თითოეულ პრეტენდენტზე „ბი ბი სი“ სიუჟეტს გადაიღებს. ამის შემდეგ კი 10 საუკეთესოს 2019 წლის მარტში დუბაიში „მასწავლებელთა გოლბალური ჯილდოს“ დაჯილდოების ცერემონიალზე მიიწვევენ.

ამასთან, საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე 10 საუკეთესო პრეტენდენტს მსოფლიო მასწავლებლებისთვის მასტერკლასების ჩატარებაც მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში კი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ ამ პლატფორმებს ოკუპაციის პრობლემაზე სასაუბროდ გამოიყენებს:

„ჩემი მთავარი სათქმელი იქნება ოკუპაცია. მე მავთულხლართებზე ვისაუბრებ. მინდა, მსოფლიოს გავაგებინო რა მტკივა, ჩემი მოსწავლეების, ჩემი ქვეყნის სატკივარი ვუთხრა. მინდა, მსოფლიოს ვუთხრა, რომ ძალიან დიდმა ქვეყნებმა და ძალიან ძლიერმა ქვეყნებმა შეიძლება, ძალიან დიდი მწვერვალები დალაშქრონ, მაგრამ სხვისი ტერიტორიები არ უნდა დაიპყრონ, არ უნდა გააბან მავთულხლართები. ეს იქნება ჩემი მთავარი მესიჯები”, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე საინტერესო და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა. მათ შორის საუკეთესო კი ჯილდოდ მილიონ დოლარს იღებს.