მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების პრეზენტაცია გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების პრეზენტაცია გაიმართა.

კურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის ინიცირებული და ის პედაგოგებს საშუალებას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილზე, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრეინინგი. კურსები მოიცავს, როგორც ზოგად პროფესიულ პროგრამებს, ასევე საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს.

ათასწლეულის გამოწვევის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე აცხადებს, რომ მომავალ წელს ჩაეშვება ახალი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ყველა მსურველ მასწავლებელს საშუალება ექნება, პროფესიული განვითარების კურსები გაიაროს.

განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კი განაცხადა, რომ პირველად პროფესიული განვითარების ისტორიაში, შეიქმნება პროგრამა, რომელიც პედაგოგებს მისცემს საშუალებას, აიმაღლონ განათლება, როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში ასევე, ზოგად პროფესიული კუთხით.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კურსი არის მოქნილი და მასწავლებლებს აძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. ეს არ არის სალექციო კურსი ეს გახლავთ ინტერაქტიული და პირველად პროფესიული განვითარების ისტორიაში თითოეულ მასწავლებელს თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო განათლების და პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ექნება საშუალება, რომ კლასიდან გაუსვლელად მისთვის საინტერესო თემატიკაზე მიიღოს მისთვის საინტერესო ტრეინინგი“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისივე თქმით, პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ის დაეხმარება არა მარტო საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს, არამედ ზოგადად, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.