მასწავლებელთა გლობალური დაჯილდოება დღეს გაიმართება, ფინალისტებს შორის არის ლადო აფხაზავა [ვიდეო]

დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც საუკეთესო პედაგოგს გამოავლენენ.

გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ათ ფინალისტს შორის არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა გუშინ „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ დუბაიში  ჩავიდა.

დუბაიში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება და ღონისძიებას გააშუქებს.