მასწავლებელი აცხადებს, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს სკოლაში დანა არ ჰქონია
მასწავლებელი აცხადებს, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს სკოლაში დანა არ ჰქონია

მარტო ორზე გადატეხონ ჯოხი არ შეიძლება, თვითმხილველების თქმით, იქ ხომ 50-ზე მეტი ბავშვი იყო,- ამის შესახებ პირველ არხს პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისა და ძებნილი არასრულწლოვნის მასწავლებელმა განუცხადა.

პედაგოგი მოსწავლეებს დადებითად ახასიათებს.

„ველაპარაკე იმ ბავშვის დედას, რომელსაც ამ დროისთვის ეძებენ. გაგიჟებული იყო, ბავშვი სახლში არ არისო. ეს ბავშვები შვილებივით მყავდა გაზრდილი. ბავშვი შეიძლება შეშინებულია და იმიტომ იმალება.

დაკავებული ამბობს, რომ დამნაშავე არ არის, დანა მქონდაო, მაგრამ საიდან ჰქონდა ვინ იცის, შესაძლოა, იქვე მისცეს. ის რომ სკოლაში დანა ჰქონდა, გამორიცხულია.

ძებნილიც ერთი კარგი ბიჭია, მრავალშვილიანი ოჯახის შვილია, და-ძმებს მშობლებივით პატრონობს.

არ ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები დამნაშავეები არიან. ასე მარტო ორზე გადატეხონ ჯოხი არ შეიძლება, თვითმხილველების თქმით, იქ ხომ 50-ზე მეტი ბავშვი იყო“,- განაცხადა მასწავლებელმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ პირველ არხს ადვოკატმა ანა შეშელაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახმა ადვოკატი შეცვალა და ის არასრულწლოვნის ინტერესებს აღარ დაიცავს.

დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარეს წარმოადგენს პროკურორი ინა გუგუშვილი, რომელიც პირველ არხთან აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

​მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.