მასუდ გარახანი - ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყნებს კარგი ურთიერთობა აქვთ
მასუდ გარახანი - ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყნებს კარგი ურთიერთობა აქვთ

ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები, თუ საქართველოს სურს, განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა, – ამის შესახებ ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარემ, მასუდ გარახანმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, პატივია, რომ სკანდინავიურ ტურნეს საქართველოს დელეგაცია ნორვეგიით იწყებს.

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარის, მასუდ გარახანის განცხადებით, ნორვეგიასა და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, ევროპაში ახლა მძიმე დროა რუსეთის აგრესიის გამო. მე და თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით უკრაინაში და ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ასევე ვიხილეთ ირპენსა და ბუჩაში, რა შეუძლია რუსულ აგრესიას. საქართველოსაც გამოცდილი აქვს რუსული აგრესია. ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები, თუ საქართველოს სურს, განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ლიდერი იყო დემოკრატიულ რეფორმებში და ეს ძალიან კარგია. ასევე, თავმჯდომარესთან შეხვედრისას​ წამოვწევ გარკვეულ შეშფოთებებს გასული წლების პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ველი ნაყოფიერ დისკუსიებს თქვენთან“, – განაცხადა მასუდ გარახანმა.